close
კვლევები

კვლევა: 2020 წელს ალკოჰოლი კიბოთი დაავადების 740 ათასი შემთხვევის მიზეზი გახდა

2020 წელს კიბოს 740 ათასი შემთხვევა (დაახლოებით 4% ახალი შემთხვევების რაოდენობიდან) ასე თუ ისე ალკოჰოლის მოხმარებით იყო გამოწვეული. ამის შესახებ The Guardian-ი სამეცნიერო ჟურნალში The Lancet Oncology გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ 740 ათასი პაციენტიდან 77% კაცი, 23% კი ქალია. ყველაზე ხშირად სიმსივნე საყლაპავ მილს, ხახას, ღვიძლსა და სარძევე ჯირკვლებში დაფიქსირდა.

შემთხვევების უმეტესობა ალკოჰოლის ჭარბ და ხშირ მოხმარებას უკავშირდება, თუმცა შესწავლილი შემთხვევების 14%-ში საქმე სასმლის ზომიერ მოხმარებასთან გვაქვს. აქედან გამომდინარე, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლის მცირე რაოდენობაც კი კიბოთი დაავადების რისკს ზრდის.

კვლევა სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ალკოჰოლური სასმლის რაოდენობას ეფუძნება. შემდეგ სპეციალისტებმა ეს ინფორმაცია შეუთავსეს სტატისტიკურ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირია ამა თუ იმ სახელმწიფოში ორგანიზმზე ალკოჰოლის გავლენასთან დაკავშირებული სიმსივნის სხვადასხვა ფორმით დაავადების შემთხვევები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0