close
კვლევები

კვლევა – 6-წუთიანი ინტენსიური ვარჯიში ტვინში მნიშვნელოვან მოლეკულას აძლიერებს

6 წუთის განმავლობაში მაღალი ინტენსივობის ვარჯიში საკმარისია ტვინში საკვანძო პროტეინის წარმოებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის ფორმირებაში, ფუნქციონირებასა და მეხსიერებაში.
სპეციალიზებულ პროტეინს ეწოდება თავის ტვინის ნეიროტროფული ფაქტორი (BDNF) და ის ხელს უწყობს როგორც ტვინში ნეირონების უჯრედების ზრდას და გადარჩენას, ასევე ახალი ბმულების და სასიგნალო გზების განვითარებას. ცნობილია ისიც, რომ  BDNF-ის უფრო მაღალი დონე დაკავშირებულია დემენციის შემცირებულ რისკთან.
„BDNF-მა დიდი პერსპექტივა აჩვენა ცხოველებში, მაგრამ ფარმაცევტულმა ჩარევებმა დღემდე ვერ შეძლო უსაფრთხოდ გამოიყენოს BDNF-ის დამცავი ძალა ადამიანებში“, – აცხადებს ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტის ფიზიოლოგი ტრევის გიბონსი.
მისი თქმით, მეცნიერებმა დაინახეს არაფარმაკოლოგიური მიდგომების შესწავლის აუცილებლობა ტვინის შესაძლებლობების შენარჩუნების მიზნით, რომლებიც ადამიანებს შეუძლიათ BDNF-ის ბუნებრივად გაზრდისთვის გამოიყენონ.
კვლევის ფარგლებში 18-დან 56 წლამდე მოხალისეთა ჯგუფს ჩაუტარდათ სამი ტესტი, რათა დაედგინათ, რა იყო საუკეთესო გზა BDNF-ის გამომუშავებაში: 20 საათიანი შიმშილობა, 90 წუთის განმავლობაში ველოსიპედით სიარული თუ ველოსიპედით 6 წუთიანი ენერგიული სიარული.
ველოსიპედით ხანმოკლე და ინტენსიურმა სიარულმა საუკეთესო შედეგი აჩვენა BDNF წარმოების თვალსაზრისით. მან სისხლში BDNF-ის დონის ოთხჯერ ან ხუთჯერ გაზრდა გამოიწვია.
შემდეგი კითხვა არის რატომ ხდება ეს და ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მეცნიერები შემდგომი კვლევებით შეეცდებიან. საბოლოო ჯამში, მაღალი ინტენსივობის ვარჯიში შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც მოსახერხებელი, იაფი გზა ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და დაავადების განვითარებისგან დასაცავად.
კვლევა ჟურნალ Journal of Physiology
-ში გამოქვეყნდა.
წყარო : sciencealert.com

გაზიარება:
fb-share-icon0