close
რობოტექნიკატექნოლოგიები

კომპანია Boston Dynamics მფრინავ რობოტებზე მუშაობს

რობოტების მწარმოებელი კომპანია Boston Dynamics მფრინავი ჰუმანოიდი რობოტის შექმნას აპირებს. ახლახან შევიტყვეთ, რომ იგი ფირმა Gravity Industries-თან ითანამშრომლებს. ეს უკანასკნელი ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის (VTOL) საავიაციო სისტემებს, Jet Suit-ებს აწარმოებს — ერთგვარ მოსასხამებს, რომლებიც ადამიანს ფრენის საშუალებას აძლევს.

კომპანიები ერთმანეთთან თანამშრომლობით მფრინავ რობოტზე იმუშავებენ. კერძოდ, Gravity-ს ტექნოლოგიის დახმარებით Boston Dynamics-ის ჰუმანოიდ რობოტს, სახელად Atlas, ფრენის უნარს შესძენენ. სპეციალისტებმა სატესტო ფრენები უკვე დაიწყეს ბოსტონის პორტის თავზე.

 

 

კომპანიების წარმოდგენით, მფრინავი რობოტი სამომავლოდ არაერთი კუთხით შეიძლება დაგვეხმაროს. მათ შორისაა: ტურბინების ინსპექცია და შეკეთება, ტყის ხანძრების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების გაწევა, ცათამბჯენებზე ფანჯრების წმენდა, მწყობრიდან გამოსული საჰაერო ბურთებიდან ხალხის ჩამოყვანა, ჰაერში ტრანსპორტის მოძრაობის კონტროლი და ა. შ.

„ვინაიდან ოთხფეხა და ჰუმანოიდი რობოტების კუთხით გლობალური ინტერესი დიდია, გადავწყვიტეთ, რომ საზღვრები უნდა დაგვეტესტა და რაღაც ახალი გვეცადა”, — განაცხადა მარკ ტერმანმა, Boston Dynamics-ის სტრატეგიულმა დირექტორმა — “მიწაზე სიარული დღესდღეობით ლამის მარტივად გამოიყურება, ამიტომ ჩვენი ინოვაციები ცას უნდა მივაწვდინოთ”.

პირველი ტესტირების ფარგლებში ჰაერში მფრინავი რობოტის სიმარდეს ადამიანისას შეადარებენ. კვლევისა და გაუმჯობესების ეტაპზე Atlas ადამიან ათლეტებთან ერთად ჩაერთვება Gravity-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში. მონაწილეები 1 500 ცხენისძალის მქონე Jet Suit-ებს გამოიყენებენ და სანაპიროებზე იფრენენ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

„სამეცნიერო ფანტასტიკას რეალობად ვაქცევთ”, — განაცხადა რიჩარდ ბრაუნინგმა, Gravity-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — “ეს ყველაზე მეტად გვაახლოებს სუპერგმირობის შეგრძნებასთან, და ერთი სული გვაქვს ვიხილოთ, რამდენ ადგილას გაფრინდება Atlas მომდევნო წლებში”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0