კორონავირუსის წარმოქმნასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, მუშაობენ თეორიაზეც, რომლის მიხედვითაც, ვირუსმა შესაძლოა, უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაზვერვის სამსახურებს ვირუსის წარმომავლობის დასადგენად 90 დღე მისცა.
ამის ფონზე, აშშ-ში, მედიაში ქვეყნის მთავარ ექიმ ენტონი ფაუჩის პირადი ელექტრონული შეტყობინებები გავრცელდა, რომელიც ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზეა გაგზავნილი.
Washington Post-ი, Buzzfeed News-ი და CNN-ი ამტკიცებს, რომ მოიპოვეს ფაუჩის პირადი ელექტრონული შეტყობინებები, მიმოწერა 3 000-გვერდიანია და დათარიღებულია 2020 წლის იანვარ-ივნისის პერიოდით.
ამ მეილებში ფაუჩი, მედიის მტკიცებით, საუბრობს სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის აშშ-ის მთავრობასთან, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან, “ვარსკვლავებთან” და ა.შ.
შეიქმნა, თუ არა, ვირუსი ხელოვნური გზით
მედიის მტკიცებით, შეტყობინებებში ჩანს, რომ ექიმი ფაუჩი და მისი კოლეგები ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ფიქრობდნენ თეორიაზე იმის შესახებ, რომ ვირუსმა შესაძლოა, უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა.
თუმცა მოგვიანებით, ეს თეორია ექსპერტების დიდმა ნაწილმა უარყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი მას “უკიდურესად ნაკლებ სავარაუდო” უწოდა, მიუხედავად ამისა, უხანში კვლევა გრძელდება.
გამოქვეყნებულ წერილებში, არის შეტყობინება, რომელიც 2020 წლის იანვარში ფაუჩიმ ამერიკის უმსხვილესი ბიოსამედიცინო კვლევითი დაწესებულების დირექტორისგან მიიღო. მასში საუბარია ვირუსის “უჩვეულო მახასიათებლებზე” და წერია, რომ ეს მახასიათებლები შესაძლოა, იყოს მანიშნებელი იმისა, რომ ვირუსი ხელოვნურია. ენტონი ფაუჩი მას პასუხობს, რომ დაურეკავს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაში არ არის დარწმუნებული და მხარს დაუჭერს გამოძიების გაგრძელებას.
პირბადეები
მედიის მტკიცებით, 2020 წლის თებერვალში ფაუჩი აშშ-ის ჯანდაცვის ყოფილ მდივანს სწერს: “პირბადე ინფიცირებული ადამიანებისთვისაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათგან ვირუსის გავრცელება, ვიდრე დაიცვას არაინფიცირებული ადამიანი ვირუსისგან.“
მედიაში გამოქვეყნებული მასალების შემდეგ, პოლიტიკოსების ნაწილი, მის ფაუჩის გათავისუფლებას ითხოვს, მათ შორის არიან კონსერვატორი პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ აღნიშნული შეტყობინებები ფაუჩის გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს.
ლიბერალები კი ამბობენ, რომ ფაუჩის მიმოწერები არაფერს ამტკიცებს გარდა იმისა, რომ ის მოქმედებდა იმ დროისთვის კორონავირუსზე არსებული ცოდნის შესაბამისად.
როგორც BBC წერს, ენტონი ფაუჩი ტრამპის მხარდამჭერებისთვის ბოროტმოქმედია, მიაჩნიათ, რომ ტრამპის პოზიციების შერყევა გარკვეულწილად, ენტონი ფაუჩისაც უკავშირდება. ლიბერალებისთვის კი ენტონი ფაუჩი გმირია, რადგან მათი აზრით, ფაუჩი მოსაზრებებს ცვლიდა მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით და არა იმის მიხედვით, რას სურდა ტრამპს.
აღსანიშნავია, რომ კონსერვატორები უარს ამბობდნენ პირბადის ტარებაზე პანდემიის ყველაზე რთულ დღეებშიც კი, რადგანაც თვლიდნენ, რომ სამეცნიერო შეხედულებები კორონავირუსთან დაკავშირებით მუდმივად იცვლებოდა.
როგორც BBC წერს, ელექტრონული ფოსტის მასალები გაამყარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფაუჩიმ მართლაც შეიცვალა აზრი ჯანდაცვის ისეთი რეკომენდაციების შესახებ, როგორიცაა მაგალითად, პირბადის ტარება და ეს ბუნებრივია, რადგანაც ვირუსის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გაჩნდა.
მაგალითად, 2020 წლის თებერვალში ის ამბობდა, რომ მოგზაურობის დროს პირბადე საჭირო არ იყო, მოგვიანებით კი მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ პირბადე ეტარებინათ.
წყარო – bbc.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”