1921 წლის თებერვალში წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ, ძალიან ბევრ ქართველს მოუწია ქვეყნის დატოვება.
ბევრმა მათგანმა თავი საფრანგეთს შეაფარა. ელეგანტურობით, დახვეწილი სიტილითა და გემოვნებით გამორჩეული ქართველი არისტოკრატი ქალების ნაწილმა ემიგრაციაში მოდელობა გადაწყვიტა. რამდენიმე მათგანი კოკო შანელის სახე გახდა. მაშინ მოდელებს მანეკენებს უწოდებდნენ. სამწუხაროდ, ისევ ბევრისთვის უცნობია, თუ რამხელა წვლილი აქვს ქართველების ჩართულობას კოკო შანელის წარმატებაში. ამიტომ დღეს ამ საინტერესო ფაქტების შესახებ გვსურს, გიამბოთ და ისიც შეგახსენოთ, რომ ფრანგ ქალბატონს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ემიგრაციაში გადახვეწილ ქართველებთან.
მერი შერვაშიძე
მერი შერვაშიძე სწორედ ამ ქალთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. ის უდავოდ იყო მე-19 მე-20 საუკუნეების ქართული სილამაზის ელჩი მსოფლიოში. მერი იყო ქალი, რომელიც „შანელის“ მოდის სახლის მოდელად მუშაობდა; ქალი, რომელმაც 1921 წელს მსოფლიო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა; რომელიც რუსმა მხატვარმა, საველი სორინიმ თავის ყველაზე პოპულარულ ნამუშევარში აღბეჭდა. ქალი, რომელმაც, როგორც ამბობენ, გალაკტიონს ლექსების მთელი ციკლი შეაქმნევინა. როგორც ცნობილია, ტრენდად ქცეული შანელის მარგალიტის მძივი, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას, პირველად პოდიუმზე სწორედ მერი შერვაშიძემ გამოიტანა.
ანა ჭავჭავაძე
ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი ანა ჭავჭავაძე შანელის სახლის სამოსით პარიზის მაღალი საზოგადოების შეხვედრებს ესწრებოდა. მოდელი ამ ფორმით უკეთებდა რეკლამას მოდის სახლს.
მელიტა ჩოლოყაშვილი
კოკო შანელის მუზა იყო მელიტა ჩოლოყაშვილიც, რომისთვისაც მოდელობა შემოსავლის წყარო იყო. არისტოკრატული გარეგნობის ქალბატონს ხშირად იწვევდნენ ჩვენებებზე. როდესაც მელიტა ჩოლოყაშვილმა სამოდელო კარიერა დაასრულა, პოდიუმზე მისმა ქალიშვილმა ლილია ზელენსკაიამ შეცვალა.
ლილია ზელენსკაია
ის შანელის გარდა სხვა ცნობილ სამოდელო სახლებთანაც თანამშრომლობდა. მათ შორის ცნობილ ფრანგ კუტურიე ლიუსიენ ლელონგისთან. ლილიას ფოტოები 1930-იანი წლების ჟურნალ VOGUE-ის ფურცლებზეც მოხვდა. შანელის სახლის მოდელი იყო რიმა ერისთავიც. პარიზული საზოგადოება მას Princesse Rimma Eristoff-ად იცნობდა. ის საფრანგეტში მერი შერვაშიძემ ჩაიყვანა. მომხიბვლელი გარეგნობით, დახვეწილი გემოვნებითა და საოცარი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა. ლამაზი გარეგნობის და არისტოკრატული წარმომავლობის გამო, მასთან თანამშრომლობდნენ პარიზის თითქმის ყველა ცნობილი და წამყვანი სამოდელო სახლები, რომლებიც გადასცემდნენ საკუთრებაში მათ მიერ შექმნილ ახალ სამოსს, რათა რიმას ჩაეცვა და გამოეჩინა, მაღალ საზოგადოებაში. დღეს ჩვენს დროში ეს იგივეა, რაც „ინფლუენსერი“. გარდა მოდელებისა, შანელთან სხვა ქართველებიც თანამშრომლობდნენ.
რიმა ერისთავი
კომპანია „შანელის“ დაუვიწყარი ლოგო, რომელიც პირველად საზოგადოებამ პარიზში 1925 წელს იხილა, ვანო ქუთათელაძეს შეუქმნია რომელიც მისი ახლო მეგობარი გახლდათ. ამბობენ, რომ შანელს ძალიან სჯეროდა სიმბოლოების. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ ლოგოზე ერთმანეთში „ჩაწნული“ ორი შებრუნებული ნალია გამოსახული, რაც იღბლის ნიშნად მიიჩნევა. ფაქტია, ქართველი მათემატიკოსის მიერ შექმნილი ლოგო ერთი საუკუნის შემდეგაც დახვეწილობისა და სტილის სიმბოლოდ ითვლება მთელს მსოფლიოში.
ავტორი : თათა ჩიკვილაძე
წყარო : beaumonde.ge
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”