24 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, საქართველოდან, ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტები დასახელდნენ,- მწერალი გივი ჩიღვინაძე და 13 წლის ავტორ-ილუსტრატორი ნიკოლოზ ლოლაძე.
ასტრიდ ლინდგრენის პრემია ,,ალმა“ მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში.
მას საბავშვო ნობელს ეძახიან და გამარჯვებულს 5 მილიონი შვედური კრონა გადაეცემა.
,,ალმა“, 20 წელია არსებობს და, ამ ხნის განმავლობაში, 13 წლის ავტორ-ილუსტრატორი პირველადაა წარდგენილი.
უდიდესი საბავშვო პრემიის კანდიდატი, ნიკოლოზ ლოლაძე თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, უკვე რამდენიმე წიგნისა და საბავშვო მოთხრობის ილუსტრატორია, წერს სცენარებს, მონაწილეობს სერიალებში (,,შუა ქალაქი“ და ,,იდეალური დედა“), აქვს მრავალი პრემია და დიპლომი.
ნიკოლოზ ლოლაძის ,,აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები“, რომელიც გამომცემლობა ,,ინტელექტმა“ 2023 წელს გამოსცა, ნამდვილი მისტიკური თავგადასავალია. ეს არის ამბავი შიშის დამარცხებაზე.
,,აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები“ 13 წლის ნიკოლოზის წიგნად ქცეული ფიქრებია, სათქმელი უფროსებისთვის, რომლებიც მძიმე დროს ბავშვებთან საუბარს გაურბიან.
გამოსაცემად მზადდება ნიკოლოზ ლოლაძის მოთხრობების ილუსტრირებული კრებული ,,ბავშვები პატარა სოფლიდან“.
ახლა კი, ნიკოლოზი ყველაზე დიდი ოცნების ახდენის მოლოდინშია. მან საოცარ წარმატებას უკვე მიაღწია და ყველაზე მასშტაბური საბავშვო პრემიის კანდიდატი გახდა.
,, ყველაზე დაუჯერებელი ოცნებაა. ენას გადავყლაპავ, ალბათ…
დიდი მადლობა ყველაზე დიდ ბავშვს მსოფლიოში, ასტრიდ ლინდგრენს და მის ლიტერატურას, მადლობა გიორგი კეკელიძეს წარდგენისთვის და მადლობა ქართულ ენას, რომელზედაც იწერება და ითარგმნება წიგნები, მათ შორის, ასტრიდ ლინდგრენი.
განსაკუთრებული მადლობა ბატონ, გურამ ოდიშარიას და და ბატონ გიორგი კეკელიძეს, რომლებმაც ჩემს წიგნს წინასიტყვაობა გაუკეთეს, ეს უდიდესი პატივია ჩემთვის, რომელსაც არასოდეს დავივიწყებ.
უღრმესი მადლობა ბატონ ზვიად კვარაცხელიას, ჩემი წიგნის გამოცემისთვის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.
მადლობა ჩემი წიგნის რედაქტორს, სოფო კობიაშვილს.
მადლობა პეპის , კარლსონს, ემილის, ბიჭუნას… წარდგენაც გამარჯვებაა და დავრწმუნდი, რომ ბავშვის ოცნება ყველაზე მეტად სრულდება,” – ამბობს 13 წლის ნიკოლოზ ლოლაძე.
ასე რომ, წინ დიდი გამოწვევაა. 13 წლის ნიკოლოზს 70 ქვეყნიდან წარდგენილ 180-მდე კანდიდატთან მოუწევს კონკურენცია. ასტრიდ ლინდგრენის პრემიის კანდიდატთა სია ,,ალმას“ პორტალზე ოქტომბერში გამოქვეყნდება.
გამარჯვებული ბოლონიაში საბავშვო წიგნის ფესტივალზე დასახელდება. დაჯილდოების ცერემონია კი სტოკჰოლმში გაიმართება.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“