close
ასტრონომია - კოსმოსი

მარსზე აღმოჩენილი „ადამიანის ჩონჩხი“ – სიცოცხლის ნიშანი წითელ პლანეტაზე თუ პარეიდოლიის შედეგი?

რამდენიმე ტაბლოიდმა გაავრცელა მარსზე გადაღებული ფოტო, რომელზეც ზოგიერთი გამოცემის ინტერპრეტაციით, სავარაუდოდ, ადამიანის კიდური მოჩანს.

აღნიშნულ ფაქტს ნასა-ს პრესსპიკერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფოტო არც ახალი გადაღებულია და მასზე არც ადამიანის ძვალი მოჩანს.

კერძოდ, მისი განმარტებით, ფოტო მარს როვერმა Curiosity-მა MastCam-ის საშუალებით 2014 წლის 14 აგვისტოს გადაიღო და მასზე მარსის კლდე მოჩანს, რომელმაც ასეთი ფორმა ეროზიული პროცესის, ქარის ან წყლის შედეგად მიიღო.

„თუკი მარსზე ოდესმე სიცოცხლე არსებობდა, ეს იქნებოდა სიცოცხლის პატარა მარტივი ფორმა, რომელსაც მიკრობები ეწოდება. დიდი ალბათობით, მარსის ატმოსფეროში არასდროს იქნებოდა იმ რაოდენობის ჟანგბადი, რომელიც უფრო რთული ორგანიზმებისთვისაა საკმარისი,“- ნათქვამია ნასა-ს პრესპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ექსპერტები განმარტავენ, რომ მარსზე გადაღებულ ამ ფოტოზე ადამიანის ჩონჩხის დანახვა პარეიდოლიის შედეგია. პარეიდოლია ფსიქოლოგიური ფენომენია, როდესაც ადამიანი სხვადასხვა საგანში იმ ნიმუშს ხედავს, რომელიც სინამდვილეში, არ არსებობს. პარეიდოლიაა მაგალითად, ღრუბლებში, ყავაში, ან თუნდაც კლდეზე ადამიანის სახის დანახვა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0