ფრანგმა დიზაინერმა, ტიერი გოგენმა ფეშენებელური მატარებლის კონცეფცია წარადგინა, სახელად G Train. დიზაინერის მიზანია სარკინიგზო მგზავრობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს. იგი თავის ნამუშევარს აღწერს, როგორც “სასახლე ლიანდაგზე”, რომელიც გადაჭიმულია 400 მეტრის სიგრძეზე და შედგება 14 ვაგონისგან.
როგორც თავად დიზაინერი აცხადებს, მატარებელი არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი და კონკრეტული მფლობელისთვის შეიქმნა. ტრანსპორტი 1 საათში 160 კილომეტრს დაფარავს, თუმცა, როგორც დიზაინერი განმარტავს, აქ სიჩქარე მეორეხარისხოვანია, აქ მთავარი ყურადღება ეთმობა დროის გატარებას, რადგან დრო ერთადერთი საგანძურია, რაც ჩვენ გვაქვს.
მატარებელი გარედან მინითაა დაფარული და შესაძლებელია ღილაკზე ერთი თითის დაჭერით იგი დაიბუროს, ასევე შესაძლებელია პანორამულ ფანჯრებზე სასურველი გამოსახულების მიღება. აღსანიშნავია, რომ მატარებელი გათვლილია 18 ვიზიტორზე, მათ შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა განყოფილებაში მოხვდნენ, სასადილოში თუ წვეულებებისთვის განკუთვნილ ოთახში. მატარებელს ასევე აქვს ორად გაყოფის ფუნქცია.
პროექტის განხორციელებას ორწელიწად-ნახევარი დასჭირდება და დაახლოებით, 350 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. დიზაინერი იმედოვნებს, რომ დამკვეთი მალევე გამოჩნდება.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”