პერიოდი, როდესაც სამშობლოს დატოვება პროფესიულ წინსვლას განაპირობებდა და აწმყო, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო კავშირებს განსაზღვრავს – ეს არის ისტორია, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ ენათმეცნიერს, ზაქარია ფურცხვანიძეს ეკუთვნის. როგორც ის აღნიშნავს, საქართველო მაშინ დატოვა, როდესაც ამის შესაძლებლობა გაჩნდა, თუმცა, მასთან ძალიან მყარი კონტაქტები აქვს და არაერთ პროექტს ახორციელებს ქართველ კოლეგებთან ერთად. დეტალებზე, ზაქარია „დოქტრინას“ ესაუბრა.
ამჟამად, გერმანიაში რას საქმიანობთ?
2009 წლის შემდგომ ვმუშაობ მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში, კერძოდ, ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ვარ მეცნიერ-თანამშრომელი. პროფესიით გახლავართ ენათმეცნიერი და დოცენტი. 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში არ იყო ბევრი ალტერნატივა, რეალურად, თუკი მაშინ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა არსებობდა, უნდა გამოგენებინა. მეც ასე მოვიქეცი და წამოვედი გერმანიაში. არ მიმაჩნია, რომ ვარ „გადმობარგებული“.
თუ ფიქრობთ, რომ საქართველოში დაბრუნდეთ და აქ განაგრძოთ საქმიანობა?
ინფრასტრუქტურულად, გერმანია არცთუ ისე შორსაა საქართველოსგან და, დიდწილად, ჩემს მშობლიურ ქალაქ ქუთაისში ვარ, ვიდრე ჩემი ქუთაისელი თანამოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში. ანუ აქ უკვე გეოგრაფია აღარ თამაშობს როლს. ვცდილობ და რეალობაშიც მომყავს, რომ პირადი ცხოვრების სიახლოვე არ დავკარგო და ჩემს სამშობლოში კოლეგებთან ვინარჩუნებ კონტაქტებს. ამ კონტაქტების ბაზაზე, გვაქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი, რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ მე საქართველოში ვინმეს ვასწავლი. პირიქით, ჩემს სფეროში ჩემი არაერთი კოლეგა ბევრად წინ არის, ვიდრე მე – ფრანკფურტში. ეს არის თანაბარ დონეზე გაცვლა ჩვენსა და მათ შორის. განსაკუთრებით, ქუთაისში ბოლო პერიოდში ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ისტორიის მუზეუმთან, კოლექტივთან და რამდენიმე პროექტი ერთად განვახორციელეთ. ახლაც გვაქვს სამუზეუმო არტეფაქტების გაციფრულების პატარა გეგმა. გარდა ამისა, საჯარო ბიბლიოთეკასა და ჩემს მშობლიურ ალმა მატერთანაც მაქვს მჭიდრო კონტაქტები.
თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია უცხო ქვეყანაშო განათლების მიღება?
მგონია, რომ ფუნდამენტური განათლება ადამიანმა უნდა მიიღოს საკუთარ ქვეყანაში, სკოლა და ბაკალავრიატი უნდა დაასრულოს საქართველოში, მაგისტრატურა და დოქტორანტურა კი შესაძლოა სხვა ქვეყანაში. სასურველია, სკოლებმა და უნივერსიტეტებმა მჭიდრო კავშირები დაამყარონ უცხოეთთან და გამოიყენონ საერთო პროგრამები იმისთვის, რომ შესთავაზონ საკუთარ სტუდენტებს ლექციები, რომლებსაც უცხოელები წაიკითხავენ. ამისთვის საჭიროა უცხო ენის ცოდნის გაუმჯობესება საქართველოში და ბაკალავრიატის დონეზე უნდა მოხდეს მძლავრი ინტეგრაცია.
სამშობლოს დატოვება არის ყველაზე დიდი და მძიმე გადაწყვეტილება, რადგან პიროვნულ დონეზე ძალიან ბევრ არსებულ მოვლენას ვტოვებთ. ეს არის „მსხვერპლი“, რომლის გაღებაც უნდა ღირდეს და ემსახურებოდეს პიროვნების ადგილსა და როლს საკუთარ სამშობლოში.
აუცილებლად უნდა ვახსენო ქართულენოვანი რადიოგადაცემა – „სულიკო“, რომელსაც თვეში ერთხელ, ერთი საათის მანძილზე გადასცემს ჰესენის ფედერაციული მიწის საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი ფრანკფურტის არხი. ის, ქართული მსოფლიო წიგნის ბაზრობის შემდეგ, 2018 წლიდან საქართველოს თემებით დაინტერესებულ, ქართველ მსმენელს ქართულ ენაზე სთავაზობს რადიოგადაცემებს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”