close
ემიგრანტი

„მედიცინასა და სამედიცინო მეცნიერებებში უცხოური გამოცდილების ქონას დიდი მნიშვნელობა აქვს“ – გვანცა ხარაიშვილი

ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი, კვლევითი პროექტები, სამეცნიერო წიგნები და ასე შემდეგ – ეს  ქართველი ექიმის, გვანცა ხარაიშვილის წარმატების მხოლოდ ნაწილია – მისი ყოველდღიურობა არაერთ პროფესიულ დეტალს ითვლის. ჩეხეთში მოღვაწე მედიკოსის გადაწყვეტილებამ – აღნიშნულ ქვეყანაში გადაედგა კარიერული ნაბიჯები, გაამართლა და დღეს ის  არაერთი აქტივობითაა დაკავებული. ამასთან, სამშობლოსთანაც ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს. საკუთარ ისტორიასა და განვლილ გზაზე, გვანცა „დოქტრინას“ ესაუბრა.

ჩეხეთში რას საქმიანობთ?

ვარ ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური და მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ექიმი პათოლოგი და ამავე დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს ბიოფსიურ, ციტოლოგიურ და აუტოფსიურ დიაგნოსტიკას და სტუდენტებისთვის პათოლოგიის სწავლებას ინგლისურ და ჩეხურ ენებზე. გარდა ამისა, ჩართული ვარ კვლევით პროექტებში, სიმსივნის პრობლემატიკაზე გამოქვეყნებული მაქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი, ვარ სამეცნიერო წიგნების ავტორი და თანაავტორი, რეიტინგული საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემების მიწვეული რედაქტორი და ჟურნალების მიმომხილველი, ვხელმძღვანელობ სადოქტორო და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს. ვარ ასევე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სადაც ვმუშაობ სამეცნიერო და პედაგოგიურ პროექტებზე.

რამ განაპირობა, თქვენი გადაწყვეტილება – უცხო ქვეყანაში განგეხორციელებინათ პროფესიული მიზნები?

მრავალ სხვა პროფესიაში, განსაკუთრებით კი მედიცინასა და სამედიცინო მეცნიერებებში უცხოური გამოცდილების ქონას დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ პერიოდში, როცა მე ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასვლა გადავწყვიტე, ეს საჭიროება განსაკუთრებით შესამჩნევი იყო. ვფიქრობ, რომ, რთული და წინააღმდეგობებით სავსე გადაწყვეტილების მიუხედავად, ამ ნაბიჯმა გაამართლა,  ბევრი მიზანი შესრულებულია, თუმცა, კიდევ ბევრი სამუშაოა, ვგულისხმობ როგორც ჩემს პირად მიზნებს, ისე პროექტებს, რომლებზეც ვმუშაობ. ევროპის ქვეყნები ამ მხრივ მეტ შესაძლებლობას გვაძლევენ, ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი მასალა, ინფორმაცია, მეტი შესაძლებლობაა – შეხვდე სფეროს წამყვან სპეციალისტებს და მათგან მოისმინო მნიშვნელოვანი აზრი.

საქართველოსთან პროფესიული კავშირების შენარჩუნებას თუ ახერხებთ?

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხანგრძლივი დროით ვიმყოფებით უცხოეთში, მე და ჩემს ოჯახს სამშობლოსთან კავშირი არ გაგვიწყვეტია. როგორ ზემოთ ვახსენე და რაც ჩემი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვაქვს საქმიანი, პროფესიული კავშირი, რაც ამ ეტაპზე შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს, დღევანდელი კომუნიკაციის შესაძლებლობები ამის საშუალებას იძლევა. მაგალითისათვის გეტყვით, რომ დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მალე გამოიცემა ჩემი წიგნი – „,სიმსივნეების მოლეკულური პათოლოგია“.

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი და მცდელობა, უცხო ქვეყანაში სცადონ საკუთარი თავის რეალიზება?

რჩევების მიცემა ძნელია, ყველა ადამიანს ხომ თავისი მოტივაცია, გარემოებები და საწყისი წერტილი აქვს. არაერთი წარმატებული ქართველის ისტორია მოგვისმენია და წაგვიკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავისი ამბავი აქვს, საერთო ერთია –  დაუღალავი და კეთილსინდისიერი შრომა, რომელიც შედეგამდე აუცილებლად მიგვიყვანს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0