close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერების მტკიცებით, დაადგინეს, როგორ იწვევს ჰაერის დაბინძურება ფილტვის კიბოს

მეცნიერები აცხადებენ, რომ დაადგინეს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ჰაერის დაბინძურება იწვევს ფილტვის კიბოს არამწეველებში.
კვლევამ აჩვენა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი, რომელიც წარმოიქმნება წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი პაწაწინა ნაწილაკებით, რაც იწვევს ახალ მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად უფრო გადაუდებელი ქმედებებია საჭირო.
დიდი ბრიტანეთის ფრენსის კრიკის ინსტიტუტის მეცნიერის, ჩარლზ სვანტონის თქმით, აღმოჩენამ ასევე შეიძლია გზა გაუხსნას კიბოს პრევენციის ახალ სფეროს.
დიდი ხანია ითვლება, რომ ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ფილტვის კიბოს გაზრდილ რისკთან იმ ადამიანებში, რომლებიც არ ეწევიან.
”მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვიცოდით, იწვევდა თუ არა დაბინძურება პირდაპირ ფილტვის კიბოს – ან თუ იწვევდა, როგორ”, – განაცხადა სვანტონმა.
ტრადიციულად ითვლება, რომ კანცეროგენების ზემოქმედება, როგორიცაა სიგარეტის მოწევა ან დაბინძურება, იწვევს დნმ-ის მუტაციებს, რომლებიც შემდეგ კიბოდ იქცევა. მაგრამ იყო “უხერხული სიმართლე” ამ მოდელთან დაკავშირებით.
სვანტონის განმარტებით, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ დნმ-ის მუტაციები შეიძლება მოხდეს კიბოს გამოწვევის გარეშე – და რომ გარემოსთან დაკავშირებული კანცეროგენების უმეტესობა არ იწვევს მუტაციებს. მისი კვლევა კი განსხვავებულ მოდელს გვთავაზობს.
ფრენსის კრიკის ინსტიტუტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა გააანალიზეს 460 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები ინგლისში, სამხრეთ კორეასა და ტაივანში.
მათ აღმოაჩინეს, რომ PM2.5 დაბინძურების პატარა ნაწილაკების ზემოქმედება – რომელთა დიამეტრი 2.5 მიკრონიზე ნაკლებია – იწვევს EGFR გენში მუტაციების გაზრდის რისკს.
თაგვებზე ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევებში ჯგუფმა აჩვენა, რომ ნაწილაკები იწვევდნენ ცვლილებებს EGFR გენში, ისევე როგორც KRAS გენში, რომლებიც დაკავშირებულია ფილტვის კიბოსთან.
ბოლოს, მათ გააანალიზეს ადამიანის ფილტვის ქსოვილის თითქმის 250 ნიმუში, რომელიც არასოდეს ყოფილა მოწევის ან მძიმე დამაბინძურებელი კანცეროგენების ზემოქმედების ქვეშ.
მიუხედავად იმისა, რომ ფილტვები ჯანმრთელი იყო, აღმოაჩინეს დნმ-ის მუტაციები EGFR გენების 18 პროცენტში და KRAS გენების 33 პროცენტში.
”ისინი უბრალოდ იქ სხედან”, – აღნიშნა სვანტონმა და დასძინა, რომ ასაკთან ერთად მუტაციები მატულობს. ”სავარაუდოდ, ისინი არასაკმარისია სიმსივნის წარმოსაქმნელად, მაგრამ როდესაც უჯრედი ექვემდებარება დაბინძურებას, მას შეუძლია გამოიწვიოს “ჭრილობის შეხორცების რეაქცია”, რომელიც იწვევს ანთებას და თუ ეს უჯრედი შეიცავს მუტაციას, ის სიმსივნეს წარმოქმნის“, – აღნიშნა მან.
თაგვებზე სხვა ექსპერიმენტში მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ანტისხეულს შეუძლია დაბლოკოს შუამავალი – ინტერლეიკინი 1 ბეტა, რაც თავიდანვე აჩერებს კიბოს დაწყებას.
საფრანგეთის გუსტავ რუსის ინსტიტუტის კიბოს პრევენციის პროგრამის ხელმძღვანელმა, სუზეტ დელალოგემ კვლევას რევოლუციური უწოდა.
”კვლევა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია მეცნიერებისთვის – და საზოგადოებისთვისაც. ეს ხსნის უზარმაზარ კარს, როგორც ცოდნისთვის, ასევე კიბოს განვითარების თავიდან აცილების ახალი გზებისთვის“, -აღნიშნა მან.
ჰონგ კონგის ნივერსიტეტის ონკოლოგმა ტონი მოკმა კვლევას ძალიან საინტერესო უწოდა.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ, იქნება თუ არა შესაძლებელი მომავალში ფილტვების სკანირების გამოყენება ფილტვებში პრე კანცერული (სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ჯერ კიბოში არ გადასულა – კიბოს წინა სტადია) ცვლილებების მოსაძებნად და მათი უკან დახევა ისეთი მედიკამენტებით, როგორიცაა ინტერლეიკინ 1 ბეტა ინჰიბიტორები“, – აღნიშნა ონკოლოგმა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0