დედამიწაზე არსებული სიცოცხლის სხვადასხვა ფორმების, მათ შორის ბაქტერიების, მცენარეებისა და ცხოველების კოლექტიურმა აქტიურობამ ჩვენი პლანეტა სრულად შეცვალა. მაგალითად, მცენარეთა მიერ ფოტოსინთეზის უნარის გამომუშავებამ და დიდი რაოდენობით ჟანგბადის გამოყოფამ გარემო გარდაქმნა — ანუ, მათი ერთობლივი ქმედებით პლანეტური მასშტაბების შედეგი მივიღეთ.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბიოსფეროს ამგვარმა გავლენამ თავად დედამიწა “გააცოცხლა”. თუ ეს მართლაც ასეა, რამდენად შესაძლებელია, რომ მას საკუთარი “გონი” ჰქონდეს? — სწორედ ამ კითხვაზე ცდილობენ პასუხის გაცემას მკვლევრები. მათ თავიანთი აზრითი ექსპერიმენტი International Journal of Astrobiology გამოქვეყნებულ ნაშრომში განავრცეს.
ახალი კვლევა მათ ისეთ კონცეფციებზე დააფუძნეს, როგორიცაა გაიას ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, ბიოსფერო არაცოცხალ სისტემებთან (ჰაერი, წყალი, მიწა) მჭიდროდ ურთიერთქმედებს, რათა პლანეტის სიცოცხლესთან თავსებადობა შეინარჩუნოს. ეს კი ტექნოლოგიურად განუვითარებელ არამიწიერ სახეობებზეც ვრცელდება. თითქოს, ამ კონცეფციაში მარველის ფილმის ეკრანიდან არის რაღაც ამოღებული… რეალურად კი ეს შეიძლება, ისეთ გლობალურ საკითხებთან გამკლავებაში დაგვეხმაროს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ან თუნდაც არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა.
“მილიონდოლარიანი კითხვაა, თუ როგორ გამოიყურება პლანეტური გონი და რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში, რადგან ჯერ არ ვიცით, როგორ გადავინაცვლოთ განვითარებული ტექნოსფეროს საფეხურზე”, — აღნიშნავენ მკვლევრები.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ სიცოცხლის ფართომასშტაბიან ქსელებს უზარმაზარი უხილავი ინტელექტის შექმნა შეუძლია, რაც მთელი პლანეტის მდგომარეობას მკვეთრად შეცვლის. მსგავსი აზრითი ექსპერიმენტები კი ადამიანებს, დიდი ალბათობით, დედამიწაზე მათი გავლენის გაგებასა და გაუმჯობესებაში დაეხმარება. მათ ასევე სჯერათ, რომ ეს უცხოპლანეტელების ძებნაშიც გამოადგებათ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”