close
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები – მთვარის ზედაპირი შეიცავს იმ რაოდენობით ჟანგბადს, რაც 8 მილიარდი ადამიანის 100 000 წლის განმავლობაში არსებობისთვისაა საკმარისი

მთვარეს ატმოსფერო აქვს, მაგრამ ძალიან თხელია და ძირითადად წყალბადის, ნეონისა და არგონისგან შედგება. მთვარის ატმოსფერო არ არის იმ სახის აირთა ნარევი, რომელსაც ჟანგბადზე დამოკიდებული ძუძუმწოვრების, ადამიანების, სიცოცხლის უზრუნველყოფა შეუძლია. თუმცა, მთვარეზე დიდი რაოდენბით ჟანგბადიც არის, მაგრამ არა აირად ფორმაში, არამედ რეგოლითში ჩაჭედილი — ქანებისა და წმინდა მტვრის ფენაში, რომელიც მთვარის ზედაპირს ფარავს.
მივიღებთ თუ არა ადამიანების მთვარეზე სიცოცხლისთვის საკმარის ჟანგბადს, თუკი ამ რეგოლითიდან ჟანგბადის გამოყოფას შევძლებთ?
მთვარის რეგოლითის თითოეული კუბური მეტრი, საშუალოდ, 1.4 ტონა მინერალს შეიცავს, მათ შორის დაახლოებით 630 კილოგრამ ჟანგბადს. NASA-ში ირწმუნებიან, რომ ადამიანებს არსებობისთვის დღეში დაახლოებით 800 გრამი ჟანგბადი სჭირდებათ. ასე რომ, 630 კგ ჟანგბადი ერთ ადამიანს, დაახლოებით, ორ წელიწადს ეყოფა. ახლა დავუშვათ, რომ მთვარეზე რეგოლითის საშუალო სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია და ჩვენ შეგვიძლია მისგან მთელი ჟანგბადის ამოღება. ეს ნიშნავს, რომ მთვარის ზედაპირის ზედა 10 მეტრიდან მიღებული ჟანგბადი დედამიწაზე მცხოვრებ 8 მილიარდ ადამიანს დაახლოებით 100 000 წელიწადს ეყოფოდა. ზემოთ თქმული, რასაკვირველია, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მოვახერხეთ ჟანგბადის მოპოვებასა და გამოყენებას. რეგოლითიდან ჟანგბადის მოპოვება მნიშვნელოვან სამრეწველო აღჭურვილობას საჭიროებს. პირველ რიგში ლითონის მყარი ოქსიდები თხევად ფორმაში უნდა
გადავიყვანოთ სითბოს გამოყენებით, ან მისი გამხსნელებთან ან ელექტროლიტებთან კომბინაციით.
დედამიწაზე ამისთვის საჭირო ტექნოლოგია არსებობს, მაგრამ ამ აპარატის მთვარეზე გადატანა და მის ასამუშავებლად საკმარისი ენერგიის გამომუშავება დიდი გამოწვევა იქნება.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0