მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით, 2022 წელს კაცობრიობის ისტორიაში რეკორდულად მაღალი ოკეანის ტემპერატურა დაფიქსირდა.
მსოფლიოს ოკეანეები ზედიზედ მეოთხე წელია რეკორდულად თბილია, რაც კლიმატის კრიზისის შემაშფოთებელი ნიშანია.
მსოფლიოს 16 ინსტიტუტის მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ოკეანეებისთვის ხუთი ყველაზე ცხელი წელი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დაფიქსირდა და რომ ოკეანეების დათბობა სულ უფრო ჩქარდება.
ჟურნალ Advances in Atmospheric Sciences-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს ტემპერატურა ოკეანის ზედაპირიდან 2000 მეტრ სიღრმემდე.
„შედეგები შემაშფოთებელია. ჩვენი ოკეანეების მდგომარეობას შეუძლია შეაფასოს მსოფლიოს ჯანმრთელობა და თუ ოკეანეზე ჩატარებული განახლებული დაკვირვებებით ვიმსჯელებთ, ჩვენ გვჭირდება ექიმი“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
ელექტროენერგიის თვალსაზრისით, 2022 წელს ოკეანეებში დამატებული სითბოს რაოდენობა გასულ წელს გლობალურად გამომუშავებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობას 100-ჯერ აღემატება.
მეცნიერები განმარტავენ, რომ გლობალური გრძელვადიანი დათბობის ტენდენცია ახლა იმდენად სტაბილური და ძლიერია, რომ ამ კუთხით რეკორდული მაჩვენებელი ყოველწლიურად ფიქსირდება.
„სანამ არ მივაღწევთ წმინდა ნულოვან ემისიას, დათბობა გაგრძელდება და ოკეანის სითბოს შემცველობა რეკორდების მოხსნას განაგრძობს“, – განაცხადა პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მაიკლ მანმა.
ოკეანეების დათბობა დიდ გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე. დამთბარი ოკეანეები იწვევს უფრო ძლიერ შტორმებს, ქარიშხლებსა და ინტენსიურ ნალექს.
დათბობა ასევე არის ზღვის დონის აწევის მთავარი გამომწვევი ფაქტორი, რადგან ზედმეტი სიცხე იწვევს ოკეანეების გაფართოებას. როდესაც წყალი თბება, მისი მოლეკულები უფრო სწრაფად მოძრაობს და უფრო მეტად ვრცელდება, რაც ზრდის მის მოცულობას. ეს იწვევს უფრო მეტ სანაპირო ეროზიას და ქარიშხალს.
ტემპერატურის ზრდა ასევე ნიშნავს, რომ ოკეანის წყლები ნაკლებ ჟანგბადს შეიცავს, რაც გავლენას ახდენს საზღვაო ცხოვრებაზე, ზიანს აყენებს მეთევზეებს და მათ ეკონომიკას.
წყარო: edition.cnn.com