close
ეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერები: COVID-19-ის დროს გამოწვეული თრომბოზის მიზეზი ცნობილია!

მწვავედ მიმდინარე COVID-19-ის დროს სისხლის კოლტებით გართულებული შემთხვევები დღემდე საყურადღებო საკითხია. ახალი კვლევა ცდილობს გამოკვეთოს, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამ გართულების მიზეზი.

სისხლში მოცირკულირე აუტოიმუნური ანტისხეულები ორგანიზმის უჯრედებს თავს ესხმიან და ამგვარად, არტერიებში, ვენებსა და მიკროსკოპული ზომის სისხლძარღვოვან ქსელში კოლტების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. აღნიშნული სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების განპმაპირობებელი მიზეზი შეიძლება გახდეს. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო ინსულტია. ამას გარდა, COVID-19-ის მიმდინარეობის პარალელურად ფილტვებში გაჩენილმა მიკროსკოპულმა სისხლის კოლტებმა ჟანგბადის ცვლის პროცესი შეიძლება დაარღვიოს.

ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გარდა, კოლტების განმაპიროებებელი ანტისხეულები აუტოიმუნური დაავადების, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროსაც გვხვდება. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, იოგენ კანთის თქმით, მსგავსი კავშირის პოვნა COVID-19-სა და აუტოანტისხეულებს შორის მოულოდნელი გახლდათ.

კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი ჯეისონ ნაითია, მიჩიგანის სამედიცინო უნივერსიტეტის რევმატოლოგი. იგი ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომს წლების განვმავლობაში იკვლევდა.

“COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა ნახევარს, მინიმუმ, ერთი აუტოანტისხეული მაინც აღენიშნებოდა, რაც საკმაოდ მოულოდნელია”, — აღნიშნავს ნაითი. იგი შინაგანი მედიცინის ასოცირებული პროფესორი და აუტოანტისხეულებით გამოწვეული დაავადებების წამყვანი ექსპერტიცაა.

საკითხის უფრო ღრმად შესასწავლად, მეცნიერთა გუნდმა ნეიტროფილებისა და COVID-19-ის ანტისხეულები ცხოველურ მოდელებში, ლაბორატორიულ თაგვებზე გამოიკვლია. მკვლევარებს აინტერესებდათ, რამდენად იყო ეს საშიში კომბინაცია სისხლის კოლტების წარმოქმნაზე პასუხისმგებელი.

“აქტიური COVID-19-ის მქონე პაციენტებისგან აღებულმა ანტისხეულებმა ცხოველებში კოლტების ჩამოყალიბების გასაოცრად მაღალი მაჩვენებელი მოგვცა. ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი მექანიზმი, რომლის გზითაც COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში, შეიძლება, სისხლის კოლტები ყალიბდებოდეს”, — აღნიშნავს იოგენ კანთი.

“ჩვენ არ ვიცით, თუ რა უბიძგებს ორგანიზმს ამ ანტისხეულების წარმოებისკენ. ამგვარად, კვლევის შემდგომი ეტაპი გამომწვევებისა და ანტისხეულების სამიზნეების პოვნა იქნება”, — აღნიშნავს პროფესორი ჯეისონ ნაითი.

ახალი მიგნებები კითხვის ნიშნებს აჩენს კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმის ტრანსფუზიით მკურნალობის მართებულობის შესახებ. ამ ეჭვების გასაქარწყლებლად შემდგომი, უფრო დეტალური კვლევებია საჭირო, როგორც ამას კვლევის ავტორები შენიშნავენ.

“ჩვენ ახლა ვიკვლევთ, კორონავირუსის ინფექციისგან გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენი ხნით რჩებიან ეს ანტისხეულები ჩვენს ორგანიზმში”, — მიუთითებს პროფესორი ნაითი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0