ნიდერლანდელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ ადამიანის ყელში ახალი ორგანო აღმოაჩინეს.
მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანის ყელი შეიცავს “მანამდე შეუმჩნეველ ორმხრივ მაკროსკოპულ სანერწყვე ჯირკვლებს”, რომელსაც მეცნიერებმა “ტუბარალური ჯირკვლები” უწოდეს და რომლის ფუნქციაც, სავარაუდოდ, ყელის ზედა ნაწილების დატენიანებაა.
მკვლევარებმა მინიმუმ 100 პაციენტი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ აღნიშნული ჯირკვლები ყველას მათგანს ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ მედიკოსები ახალ ჯირკვლებს პროსტატის კიბოზე კვლევის ჩატარებისას წააწყდნენ, კერძოდ კი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც პროსტატის კიბოს უჯრედებს სკანირებას უკეთებდნენ PSMA PET-CT-ის საშუალებით, რომელიც CT-სა და პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფიის (PET) სკანირებების კომბინაციას წარმოადგენს.
აღნიშნული მეთოდის გამოყენების დროს ექიმებს პაციენტებში რადიოაქტიურიინდიკატორი შეჰყავთ. ის კარგად უკავშირდება პროსტატის სპეციფიკური მემბრანის ანტიგენის (PSMA) ცილას, რომელიც მომატებულია პროსტატის კიბოს უჯრედებში. სკანირების ეს კომბინაცია ასევე კარგია სანერწყვე ჯირკვლის ქსოვილების გამოსავლენად, რომელიც ასევე მაღალია PSMA-ში.
ექიმები, რომლებიც იყენებენ სხივურ თერაპიას თავისა და კისრის კიბოს სამკურნალოდ, ცდილობენ, ძირითად სანერწყვე ჯირკვლებს არ შეეხონ, რადგან მათი დაზიანებით პაციენტებს ჭამა, საუბარი ან ყლაპვა უჭირთ. ახლადაღმოჩენილი ჯირკვლები კი დასხივებას განიცდიან, რადგან ექიმებმა დღემდე არ იცოდნენ მათი არსებობის შესახებ, რის შედეგადაც პაციენტებს აუხსნელი გვერდითი მოვლენები უვითარდებათ.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ ჯირკვლების დაცვით იმ პაციენტებში, რომლებსაც სხივური თერაპია უტარდებათ, შესაძლოა მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესდეს.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათი შემდეგი ნაბიჯი იმის დადგენაა, თუ როგორ შეიძლება ამ ჯირკვლების გამოსხივებისგან დაცვა.
კვლევა ჟურნალ Radiotherapy and Oncology- ში გამოქვეყნდა.
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”