ჩვენი სხეული პაწაწინა სამშენებლო ბლოკებისგან შედგება — ესენია უჯრედები. უჯრედების შიგნით კიდევ უფრო მცირე ნაწილებია, რომელსაც ორგანელები ეწოდება. ისევე როგორც ჩვენი ორგანოები, როგორიცაა გული ან ფილტვები, ხელს უწყობენ ჩვენს ჯანმრთელობას, ორგანელები თამაშობენ გადამწყვეტ როლს უჯრედების ეფექტიანად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
მაგალითად, მიტოქონდრია მოქმედებს როგორც უჯრედის ენერგიის წყარო, ხოლო ლიზოსომები ხელს უწყობენ უჯრედების სისუფთავეს შენარჩუნებას. როდესაც ორგანელები ზიანდება, ეს იწვევს პრობლემებს, როგორიცაა დაბერება, დაავადებები ან უჯრედების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა.
HKDC1 როგორც ხსნა
ოსაკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა სახელწოდებით HKDC1, რომელიც ორ მნიშვნელოვან ორგანელაზე ზრუნავს: მიტოქონდრიასა და ლიზოსომაზე. ეს ცილა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედის დაბერების პრევენციის მხრივ.
მკვლევრებმა აჩვენეს, რომ როდესაც უჯრედზე უარყოფითი მანიპულაცია ხდება, განსაკუთრებით მიტოქონდრიაზე ან ლიზოსომებზე, HKDC1 უფრო აქტიურდება.
მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს ცილა TFEB, რომელიც ხსენებული ორგანელების ფუნქცინირებაზე ზრუნავს. საბოლოოდ, გამოვლინდა, რომ HKDC1-ის გენი TFEB-ის პირდაპირი სამიზნეა — HKDC1 რეგულირდება მიტოქონდრიული ან ლიზოსომური სტრესის პირობებში.
HKDC1 ხელს უშლის დნმ-ის დაზიანებით გამოწვეულ უჯრედულ დაბერებას
მიტოქონდრიების დაზიანებისგან დასაცავად, არსებობს “მიტოფაგია”, პროცესი, რომელიც დაზიანებულისგან თავის დაღწევას მოიცავს. ამის გაკეთების სხვადასხვა გზა არსებობს და ერთ-ერთი ცნობილი მეთოდი საჭიროებს ორ შემდეგ ცილას: PINK1-სა და პარკინს.
„ჩვენ დავაკვირდით, რომ HKDC1 თანალოკალიზებულია ცილასთან, სახელად TOM20, რომელიც მდებარეობს მიტოქონდრიის გარე მემბრანაში. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ HKDC1 და მისი ურთიერთქმედება TOM20-თან, კრიტიკულია PINK1/პარკინზე დამოკიდებული მიტოფაგიისთვის”, — განმარტა კვლევის ავტორმა, მენგინგ კიუმ.
მკვლევრების თქმით, ლიზოსომები და მიტოქონდრიები ერთმანეთს VDACs ცილებით უკავშირდებიან. თავის მხრივ, HKDC1 პასუხისმგებელია VDAC-ებთან ინტერაქციაზე; ეს ცილა აუცილებელია მიტოქონდრია-ლიზოსომების კონტაქტზე და, შესაბამისად, ლიზოსომური აღდგენისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორგანელების გაუმართაობა დაბერების პროცესებთანაა დაკავშირებული, HKDC1 დაბერების წინააღმდეგ გასალაშქრებლად მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იყოს. შესაბამისად, მკვლევებს მიაჩნიათ, რომ მათ ხელში ახლა ის ცილაა, რომელიც დაბერების პროცესს მნიშვნელოვნად ანელებს. შემდგომი კვლევები მნიშვნელოვანი იქნება HKDC1-ს როლის უკეთ გამოსავლენად.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”