close
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა, ბრინჯის მარცვლებში საქონლის ხორცის წარმოქმნით, ახალი ჰიბრიდული საკვები გამოიგონეს

მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ფონზე, იზრდება ზეწოლა გარემოზე. შექმნილ გამოწვევებს შორის არის საკვების წარმოება. პრობლემებია მიწისა და წყლის რესურსებთან დაკავშირებითაც, რომელიც საჭიროა მეცხოველეობისთვის.
ლაბორატორიაში წარმოებული ხორცი, შესაძლოა, ამ ზეწოლის შემსუბუქების ერთ-ერთი საშუალება გახდეს და კორეელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ მისი დამზადების ინოვაციური გზა აღმოაჩინეს. მათ გამოიგონეს ახალი ჰიბრიდული საკვები, რომელიც შედგება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ცხიმის უჯრედებისა და ბრინჯის მარცვლებში გაზრდილი კუნთებისგან.
ბრინჯი შეიცავს დაახლოებით 80 პროცენტ სახამებელს, დანარჩენი 20 პროცენტი არის ცილა და სხვა საკვები ნივთიერებები. ეს არის შესანიშნავი საკვები ელემენტი, მაგრამ მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ შეიძლება არსებობდეს გზა, რათა მან ცოტა უფრო ძლიერად იმოქმედოს.
ბიოლოგიურ სისტემებში უჯრედებს ესაჭიროებათ ერთგვარი ხარაჩო, რომელიც აყალიბებს ქსოვილს მისი ზრდისას. ლაბორატორიულ პირობებში მეცნიერები ხშირად იყენებენ ხელოვნურ მატრიქსს სხვადასხვა ქსოვილებისა და ორგანოებისთვის. იონსეის უნივერსიტეტის ბიომოლეკულური ინჟინერი, სოჰეონ პარკი, რომლის ხელმძღვანელობითაც ჯგუფმა კვლევა ჩაატარა, და მისი კოლეგები ფიქრობდნენ, რომ ბრინჯი იმდენად ფოროვანი იყო, შეეძლო ხარაჩოს ფუნქციის შესრულება, რომელზედაც ლაბორატორიაში შექმნილი ცხოველური უჯრედები ქსოვილში აშენდებოდა.
პირველ რიგში, მათ დაფარეს ბრინჯის მარცვლები საკვები თევზის ჟელატინით და საკვები ფერმენტებით, რათა დახმარებოდნენ უჯრედებს დასაყრდენის პოვნაში და მაქსიმალურად გაეზარდათ უჯრედული მასალის რაოდენობა, რომელიც ეკვრის და იზრდება ბრინჯზე. შემდეგ მათ დათესეს ბრინჯის მარცვლები ძროხის კუნთებთან და ცხიმოვანი ღეროვან უჯრედებთან ერთად და გააჩერეს პეტრის თეფშში 9-დან 11 დღემდე.
კულტივირების პერიოდის ბოლოს მკვლევარებმა ბრინჯი დატესტეს მისი სტრუქტურისა და კვების შემცველობის შესასწავლად. მათ აღმოაჩინეს, რომ ძროხის ხორც-ბრინჯის ჰიბრიდი უფრო მტკიცე და მყიფე იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ბრინჯი.
უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, თუ როგორ შეიცვალა ბრინჯის საკვები პროფილი. ჰიბრიდულ ბრინჯს ჰქონდა მნიშვნელოვნად მაღალი ცილის და ცხიმის შემცველობა – 8 პროცენტით მეტი ცილა და 7 პროცენტით მეტი ცხიმი – ვიდრე დაუმუშავებელ ბრინჯს. ეს შეიძლება ბევრი არ ჩანდეს, მაგრამ გაუმჯობესებით ის შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ამ მოცემულობით, ხორციანი ბრინჯის წარმოება უფრო ნაკლებად ძვირი დაჯდება, ვიდრე ძროხის ხორცის თითო გრამი ცილის, როგორც ემისიის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.
კერძოდ, ჯგუფის გამოთვლით, ჰიბრიდული ბრინჯის წარმოება, წარმოქმნის 6,27 კილოგრამ ნახშირორჟანგს 100 გრამ ცილაზე. ძროხის ხორცი გამოყოფს 49,89 კილოგრამ ნახშირორჟანგს 100 გრამ ცილაზე. ხოლო ჰიბრიდული ბრინჯის ღირებულება მომხმარებლისთვის იქნება ძროხის ხორცის ფასის დაახლოებით 15 პროცენტი კილოგრამზე.
ასევე, შესაძლოა, საინტერესო იყოს ბრინჯის გემოს პროფილის ცვლილებები. ჯგუფმა დაადგინა, რომ ძროხის კუნთმა და ცხიმმა ბრინჯს სხვადასხვა არომატული ნაერთები დაამატა, რაც მზარეულებისთვის ექსპერიმენტების ჩასატარებლად სახალისო იქნება.
ახლა რჩება წარმოების პროცესის დახვეწა, რათა შემცირდეს ჰიბრიდული ბრინჯის დამზადების დრო.
„არ ველოდი, რომ უჯრედები ასე კარგად გაიზრდებოდა ბრინჯში. ახლა მე ვხედავ ამ მარცვლეულზე დაფუძნებული ჰიბრიდული საკვების სამყაროს შესაძლებლობებს. ის ერთ დღეს შეიძლება გახდეს შიმშილთან, სამხედრო რაციონთან ან თუნდაც კოსმოსურ საკვებთან დაკავშირებული პრობლემების შემსუბუქების საშუალება“, – აცხადებს სოჰეონ პარკი.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Matter-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0