close
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა მზის ატმოსფეროს მაგნიტური ველის დეტალური რუკა შექმნეს

მეცნიერებმა შექმნეს უპრეცედენტოდ დეტალური რუკა, რომელზეც მზის გვირგვინის, ანუ ატმოსფეროს ზედა შრის, მაგნიტური ველია აღბეჭდილი. ეს უკანასკნელი ჩვენს სისტემაში კოსმოსურ ამინდს განკარგავს და ვარსკვლავის გვირგვინს ზედაპირზე მეტად აცხელებს, რაც საინტერესო ფენომენია.

ამჟამად მზე საკუთარ 11-წლიან ციკლში აქტიურობის პიკს უახლოვდება, რასაც ხშირი ამოფრქვევები ახლავს თან. მის მძვინვარებას რამდენიმე ზონდი აკვირდება, მათ შორის SOHO, Parker Solar Probe დაა Solar Orbiter. ამის მიუხედავად, ასტრონომები ხმელეთზე განლაგებულ მოწყობილობებსაც იყენებენ. მაგალითად, ასეთია დენიელ ინოის სახელობის მზის ტელესკოპი, რომელსაც გვირგვინის მაგნიტური ველის სამ განზომილებაში, დეტალურად, გაზომვა შეუძლია, თუმცა მთლიანი ვარსკვლავის მონაცემებს ერთ ჯერზე ვერ მოიპოვებს.

ამ დაბრკოლების გადასალახად სპეციალისტებმა ხელსაწყო Upgraded Coronal Multi-channel Polarimeter (UCoMP) გამოიყენეს. მისი მეშვეობით მათ 8 თვის განმავლობაში მზის გვირგვინის მაგნიტური ველის 114 რუკა მიიღეს.

ფოტო: Zihao Yang

“ეს კვლევა გვეხმარება, რომ მნიშვნელოვანი სიცარიელე ამომავსოთ გვირგვინის მაგნიტური ველების გაგებაში, რომლებიც დედამიწაზე გავლენის მქონე შტორმებისთვის ენერგიის წყაროა”, — აცხადებენ ავტორები.

მათი მიღწევა მზეზე უკეთ დაკვირვების, მასა და სხვა ვარსკვლავებში მიმდინარე პროცესების უფრო სიღრმისეულად შესწავლისა და კოსმოსური ამინდის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0