მეცნიერებმა ცოცხალ არსებებს მიაკვლიეს ოკეანის ფსკერის ქვეშ, სადაც ჰიდროთერმული არხების სისტემაა. ეს ადასტურებს, რომ დედამიწის ქერქის ასეთ არეალებში არა მხოლოდ მიკრობები, არამედ უფრო რთული ორგანიზმებიც არსებობენ.
სპეციალისტებმა ეს რეგიონი დისტანციურად მართვადი აპარატებით შეისწავლეს. კერძოდ, ინფორმაცია აღმოსავლეთ წყნაროკეანური შემაღლების მიმდებარედ შეაგროვეს, სადაც ორი ტექტონიკური ფილის თანხვედრაა. მათ იმის გაგება სურდათ, თუ როგორ ხვდება ლარვა ფსკერზე, მაგრამ მის ქვეშ არსებულ ჰიდროთერმულ ჩაღრმავებებში, წყალქვეშ 2 500 მეტრ სიღრმეში, მოულოდნელად რთულ ორგანიზმებს გადააწყდნენ.
ამ ქანებში უხერხემლოთა ჯგუფში შემავალი რიფტია, იგივე Riftia pachyptila, აღმოაჩინეს, რომელიც სიგრძეში 3 მეტრამდე იზრდება. დააფიქსირეს მოძრავი ცხოველებიც, როგორიცაა ლოკოკინა, მოლუსკი და სხვადასხვა ტიპის ჭიები.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ჰიდროთერმულ სისტემაში ლარვა ჰიდროთერმულ არხებში არსებული სითხიდან მოხვდა. თუ ეს მართლაც ასეა, გამოდის, რომ ოკეანური, ფსკერისა და ზედაპირქვეშა ეკოსისტემები ერთმანეთთან კავშირშია.
ავტორები ამბობენ, რომ შესაძლებელია, ფსკერის ქვეშ ასეთი სიცოცხლე გავრცელებული იყოს, თუმცა მათ მხოლოდ მცირე არეალი შეისწავლეს. მათი აზრით, ეს მხოლოდ კვლევის დასაწყისია და წინ ბევრი აღმოჩენა გველის.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”