close
ისტორიაკულტურა

მეცნიერებმა უძველესი ეგვიპტური მელნის საიდუმლო ინგრედიენტი აღმოაჩინეს

უძველესი პაპირუსის ფრაგმენტების ანალიზით  დანიელმა და ფრანგმა მეცნიერებმა გაარკვიეს რამდენიმე დეტალი იმის შესახებ, თუ როგორ ამზადებდნენ ეგვიპტელები თავიანთ წითელ და შავ მელანს.

ცნობილია, რომ ძველი ეგვიპტელები მელანს საწერად ჯერ კიდევ ძვ. წ.  3200 წელს იყენებდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში შესწავლილი ნიმუშები, რომელიც ცნობილი თებტუნისის ტაძრის ბიბლიოთეკიდან შეგროვდა, ჩვ.წ. 100-200 წლით თარიღდება.

სინქროტრონული გამოსხივების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, მათ შორის მაღალი სიმძლავრის რენტგენის გამოყენებით მიკროსკოპული სინჯების ანალიზისთვის, მკვლევარებმა მელნის ელემენტური, მოლეკულური და სტრუქტურული შემადგენლობა დაადგინეს.

მკვლევარების თქმით, წითელ მელანს, რომელსაც ჩვეულებრივ სათაურების, ინსტრუქციების ან საკვანძო სიტყვების გამოსაკვეთად იყენებენ, დიდი ალბათობით, ბუნებრივი პიგმენტური ჟანგმიწით ღებავდნენ, რაზედაც მიუთითებს რკინის, ალუმინის და ჰემატიტის კვალი.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ყველაზე უფრო საინტერესო იყო ტყვიის შემცველი ნაერთების აღმოჩენა როგორც შავ, ისე წითელ მელნებში, რომელიც შესაღებად საჭირო არცერთ ტრადიციულ ტყვიის შემცველ პიგმენტს არ შეიცავდა.  ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ტყვიას ტექნიკური მიზნებისთვის უმატებდნენ.

„ტყვიის შემცველი საშრობები ხელს უშლის შემაკავშირებელი ნივთიერების ფართოდ გაშლას, როდსაც ქაღალდზე ან პაპირუსზე მელნის ან საღებავის დატანა ხდება. მართლაც, მოცემულ შემთხვევაში, ტყვია ქმნის უხილავ წრეს ჟანგმიწის ნაწილაკების გარშემო.”

მკვლევარების განმარტებით, ის ფაქტი, რომ ტყვიას არა როგორც პიგმენტს, არამედ როგორც საშრობ საშუალებას უმატებდნენ, ამტკიცებს, რომ მელანს საკმაოდ რთული რეცეპტი ჰქონდა და მას მხოლოდ ერთი პირი არ ქმნიდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მელნის შესაქმნელად სპეციალური საამქროები არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ წითელი მელნის სპეციალურ საამქროებში დამზადების შესახებ ბერძნულ დოკუმენტურ მასალებიცაა აღნიშნული, რომელიც ჩვ. წ. III საუკუნით თარიღდება.

ტყვიის საშრობ საშუალებად გამოყენების ეს ტექნიკა მე -15 საუკუნის ევროპაშიც მიღებული იყო, სადაც ზეთოვანი ნახატების გამოჩენა დაიწყო – მაგრამ, როგორც ჩანს, ძველმა ეგვიპტელებმა ეს ხრიკი 1400 წლით ადრე აღმოაჩინეს.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერები ამ საკითხზე მეტი ტესტისა და სხვადასხვა ანალიზის ჩატარებას გეგმავენ.

https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0