დღეს უამრავ ადამიანს ესაჭიროება დიალიზი თანაც კვირაში რამდენიმეჯერ… ხოლო თირკმლის დონორის პოვნა განსაკუთრებით რთულია — თუ, მაგალითად, აშშ-ში ორგანოთა მოლოდინის სიაში 100 000 ადამიანია, მათგან მხოლოდ 20 000 პოულობს დონორს… UC San Francisco-ს მეცნიერები კი დამაიმედებელ ამბავს გვიზიარებენ — ბიორეაქტორი შექმნეს, რომელიც თირკმლის სასიცოცხლო ფუნქციების იმიტაციისთვის არის გამიზნული. მან ღორის შემთხვევაში 1 კვირით შეძლო ფუნქციონირება, თანაც ბიორეაქტორმა ეს 90%-იანი წარმატებით მოახერხა!
მართალია, კვლევა მცირე მასშტაბიანია, მაგრამ დამაინტრიგებელ შედეგს ნამდვილად გვთავაზობს, რომ მასპინძლის სხეულს შეუძლია, არ უარყოს ე. წ. ბიონიკური ორგანო. ჯერ კიდევ მრავალი კვლევა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ადამიანებში მისი გამოცდა დაიწყონ, თუმცა პაციენტებისთვის, რომლებიც დიალიზს მოიხმარენ, მისი პერსპექტივა ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს.
თირკმლის გადანერგვის ნაცვლად, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ იმპლანტირებადი დიალიზის დანადგარს შექმნიან, რომელსაც შეეძლება, ადამიანებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ამჯერად არსებული დიალიზის დანადგარები კი დიდი და კომპლექსურია, ამასთან, არც თირკმლის გადანერგვის საუკეთესო ვარიანტს გვთავაზობს. სწორედ ამიტომ იმედოვნებენ, რომ გაჯეტით, რომელიც რეალური თირკმლის უჯრედებს შეიცავს, ამას წარმატებით მოახერხებენ.
„ჩვენი ექსპერიმენტული დიზაინი შექმნილი იყო უჯრედის სიცოცხლისუნარიანობის გასაგებად, მომავალში კი ვფოკუსირდებით როგორც უჯრედების რაოდენობაზე, ისე იმპლანტაციის პერიოდების გაზრდაზე… ბიოხელოვნური თირკმელი დაავადების მკურნალობას მეტად ეფექტურსა და კომფორტულს გახდის“, — აცხადებენ მკვლევრები.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”