close
დედამიწა

მეცნიერთა განცხადებით, სამყარო უფრო და უფრო ცხელდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჯონ ჰოპკინსის სახელობისა და ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მომუშავე ასტროფიზიკოსები იაპონელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ სამყარო დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ცხელდება. მათი ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა კოსმოსზე დასაკვირვებლად ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) ტელესკოპის Planck და აშშ-ის ნიუ მექსიკოს შტატში განლაგებული სპექტროსკოპის Sloan Digital Sky Survey მიერ შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს. მისი მეშვეობით მკვლევრებმა იმ რეგიონში არსებული აირის ტემპერატურა გამოთვალეს, რომელიც ჩვენგან დიდი მანძილითაა დაშორებული. დედამიწისგან შორს მდებარე ობიექტებიდან წამოსულ სინათლეს ჩვენს პლანეტამდე მოსაღწევად ძალიან დიდი დრო სჭირდება, შესაბამისად, მისი შესწავლა სპეციალისტებს სამყაროს მილიარდობით წლის წინანდელი სურათის აღდგენაში დაეხმარა.

ასტრონომებმა მიღებული შედეგები კოსმოსში ამჟამად არსებულ ტემპერატურას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ სამყარო ახლა 10-ჯერ უფრო ცხელია, ვიდრე 10 მილიარდი წლის წინ იყო. მისი საშუალო ტემპერატურა 2 მილიონ კელვინს შეადგენს. მკვლევართა განმარტებით, ამის მიზეზი ახალი ვარსკვლავებისა თუ გალაქტიკების წარმოქმნაა, რა დროსაც გრავიტაცია ბნელ მატერიასა და აირებს ერთმანეთისკენ ძლიერად იზიდავს, რაც ამ უკანასკნელის გაცხელებას განაპირობებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0