close
ასტრონომია - კოსმოსი

მკვლევრების თქმით, მათ უცხოპლანეტელების რადიოსიგნალების მიღების ახალი მეთოდი შეიმუშავეს

ახლომდებარე ვარსკვლავური სისტემა არამიწიერი სიცოცხლის ძიებაში შეიძლება დაგვეხმაროს.

The Astronomical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ასტრონომებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც უცხოპლანეტელებზე “მონადირეებს” ბევრად უფრო მცირე გამტარიანობის რადიოსიგნალების დაფიქსირების საშუალებას მისცემს. საუბარია ისეთი სიგნალების დაჭერაზე, რომლებსაც ჩვენს კოსმოსურ ხომალდებთან კომუნიკაციისას ვიყენებთ.

მეთოდის გამოსაცდელად მკვლევრები დააკვირდნენ TRAPPIST-1-ის ვარსკვლავურ სისტემას, რომელიც ჩვენგან მხოლოდ 41 სინათლის წლითაა დაშორებული. მის ცენტრში არის წითელი ჯუჯა, გარშემორტყმული შვიდი კლდოვანი, დედამიწის ზომის ეგზოპლანეტით. საინტერესოა, რომ აქედან სამი პლანეტა სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პლანეტებზე წყლის შენარჩუნება და შესაბამისად სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ უცხოპლანეტელების კვალი ვერ დააფიქსირეს, დადასტურდა, რომ ახლად შემუშავებული ტექნიკა მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია კოსმოსში ისეთი სიგნალების დასაჭერად, რომლებიც შორს გასაგზავნად არ იყო გათვლილი.

“ასეთ დროს ძირითადად ძლიერ სიგნალებს ვეძებთ. ჩვენს მიმღებებს მგრძნობელობის განსაზღვრული ზღვარი აქვს. ეს ნიშნავს, რომ უნებლიედ გაგზავნილი სიგნალის დაჭერა რთულია. თუმცა, ახალი ტექნოლოგიით ჩვენ შევძლებთ დავაფიქსიროთ ისეთი სიგნალები, რომლებსაც კოსმოსური ხომალდი აგზავნის”, — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ნიკ ტუსეიმ.

უცხოპლანეტელი ცივილიზაცია ჩვენსას რომ ჰგავდეს, მათ მიერ გაგზავნილი სიგნალებიც ჩვენი სიგნალების მსგავსი იქნება. საუბარია ზონდებისა და როვერების მიერ გაგზავნილ სიგნალებზე, რომლებსაც ნაკლები ენერგია სჭირდება. შესაბამისად, მათი დიდ მანძილებზე დაფიქსირება რთულია.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მკვლევრები პლანეტების ოკულტაციას დაელოდნენ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ერთი პლანეტა მეორე პლანეტის წინ გადის (ჩვენი პერსპექტივიდან). ეს ერთი ციური სხეულიდან მეორე ციურ სხეულისადმი გაგზავნილი სიგნალის ჩაწერის საშუალებას იძლევა.

ერთ-ერთი ასეთი სიგნალის დაჭერის მიზნით, მკვლევრებმა Allan Telescope Array, რადიოტელესკოპების დიდი კომპლექტი გამოიყენეს. ასტრონომები TRAPPIST-1-ის სისტემას 28 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

ასტრონომების პროგნოზით პლანეტებიდან 2200-მდე რადიოსიგნალი უნდა წამოსულიყო, რაც დაკვირვებასთან თანხვედრაში აღმოჩნდა.

აქედან უცხოპლანეტელების მიერ წარმოებული სიგნალი არცერთი იყო, თუმცა თავად ფაქტი, რომ ასტრონომებმა რადიოსიგნალების დაჭრა შეძლეს, ბევრ რამეზე მეტყველებს.

“TRAPPIST-1-ის სისტემა შედარებით ახლოს არის დედამიწასთან და ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია მისი პლანეტების ორბიტის შესახებ. ეს მას შესანიშნავ ბუნებრივ ლაბორატორიად აქცევს ახალი ტექნიკის შესამოწმებლად. მეთოდები და ალგორითმები, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ ამ პროექტისთვის, საბოლოოდ შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ვარსკვლავურ სისტემებზეც. ეს უცხო ცივილიზაციების აღმოჩენის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის”, — აღნიშნულია კვლევაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0