ალბათ ერთხელ მაინც გიფიქრიათ რობოტზე, რომელიც თქვენს მაგივრად საოჯახო საქმეს ასრულებს. თუ ასეა, თქვენ უბრალოდ მეოცნებე არ ხართ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (CMU) მკვლევართა ჯგუფი (ისევე როგორც სხვა მეცნიერები) ფიქრობს იმაზე თუ როგორ აქციოს თქვენი ოცნებები რეალობად.
მკვლევრებმა რობოტებს ვიდეოები აყურებინეს, სადაც ადამიანები ჩვეულებრივი საქმიანობებით: უჯრის გამოღებით, ტელეფონზე პასუხითა და სახლის დალაგებით იყვნენ დაკავებულნი.
აქამდე, მეცნიერები რობოტებს დავალებების შესასრულებლად იმიტირებულ გარემოში ავარჯიშებდნენ. ამ მიდგომას დიდი დრო და რესუსრები სჭირდება.
ახალი მეთოდი სტანდარტულს ბევრად ჯობია. მკვლევრების თქმით, მათ მიერ შემოთავაზებული მოდელი, “ვიზუალური რობოტიკის ხიდი” (VRB), რობოტებს დავალების შესრულებას 25 წუთში ასწავლის. რაც მთავარია, ეს ადამიანისა და სიმულირებული გარემოს გარეშე.
„დიახ, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რობოტებს ვიდეოების ყურებით ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. ეს დროისა და რესურსის დაზოგვის საშუალებაა”, – თქვა შიხარ ბაჰლმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.
ეს WHIRL-ის გაუმჯობესებული ვერსიაა. განსხვავება WHIRL-სა და VRB-ს შორის არის ის, რომ პირველი მოითხოვს ადამიანს, მეორე კი მხოლოდ ვიდეოს გაშვებას საჭიროებს. WHIRL სწავლების ფარგლებში ადამიანი ასრულებს გარკვეულ დავალებას, მას რობოტი უყურებს და ასე სწავლობს.
ვიდეოების ყურების შემდეგ რობოტებმა თორმეტივე დავალება წარმატებით შეასრულეს. ესენი იყო ქილის გახსნა, ტელეფონის აღება, სახურავის აწევა, კარის გაღება, უჯრის გამოღება და სხვა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”