ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა შეძლეს და თიხის უძველესი აგურიდან დნმ-ის ფრაგმენტები ამოიღეს. ეს იმის ერთგვარი დემონსტრაციაა, რომ ძველი საშენი მასალებით შეგვიძლია გავიგოთ, რა მცენარეები გვხვდებოდა გარემოში იმ დროს.
შესწავლილი აგური იმ ადგილას დამზადდა 2 900 წლის წინ, სადაც დღეს ჩრდილოეთი ერაყია. სავარაუდოდ, ამისათვის მდინარე ტიგროსის სანაპიროდან აღებული ტალახი და სხვადასხვა მასალა (ბზე, ჩალა, ნაკელი და სხვ) შეურიეს ერთმანეთს.
როგორც აღმოჩნდა, შესაძლებელია, რომ აგურს შიგნით ათასწლეულების მანძილზე შენარჩუნდეს პატარა მცენარეული ნაწილაკები, რომლებიც მასში ჩალისა და ნაკელის მეშვეობით მოხვდა. სწორედ ეს ნაწილაკები შეისწავლეს ოქსფორდის უნივერსიტეტის, დანიის ეროვნული მუზეუმისა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა.
მკვლევრებმა აგურზე სპეციალური ანალიზური ტექნიკა გამოიყენეს, რომელსაც აქამდე სხვა ფოროვანი მასალის (თუნდაც ძვლების) შესასწავლად იყენებდნენ. ასე მათ მცენარეულ მასალაში არსებული დნმ გაშიფრეს, შედეგად კი მცენარეთა 34 სხვადასხვა ტაქსონომიური ჯგუფი გამოავლინეს.
კვლევის ფარგლებში შესწავლილი აგური ნეოასურელი მეფის, ასურნასირფალ II-ის, სასახლეში იპოვეს, უძველეს ქალაქ კალჰუში. იგი ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 879-869 წლებით (ამ დროს შენდებოდა სასახლე) თარიღდება. ეს თიხაში გაკეთებული წარწერის დახმარებით გაიგეს, რომელშიც კონკრეტულად სასახლე იყო მოხსენიებული.
მცენარეთა ოჯახებს შორის, რომელთა დნმ-ც აგურში ყველაზე მეტი დაფიქსირდა, კომბოსტოსებრნი (Brassicaceae) და მანანასებრნიც (Ericaceae) იყო. გენეტიკური მასალები შემდეგი ოჯახებიდანაც დაფიქსირდა: არყისებრნი (Betulaceae), დაფნისებრნი (Lauraceae), Selineae (ოჯახი, რომელიც სტაფილოსა და ოხრახუშს მოიცავს) და Triticeae (კულტივირებულო ბალახები).
მკვლევართა გუნდი მცენარეულ დნმ-ზე იყო ორიენტირებული, რადგან იგი ყველაზე უკეთ იყო შემონახული, თუმცა იმავე ტექნიკების გამოყენება ცხოველურ დნმ-ზეც შესაძლებელია. თიხის აგურები მსოფლიოში არაერთ არქეოლოგიურ ადგილას გვხვდება; შესაბამისად, დიდია პოტენციალი, რომ მათი მეშვეობით ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღოთ იმ ეკოსისტემებსა და გარემოზე, რომლებშიც ეს აგურები დამზადდა.
ამ შემთხვევაში აგურის ორგანული შიგთავსის შემონახვას ხელი იმან შეუწყო, რომ აგური ბუნებრივად გასაშრობად დატოვეს და ამისთვის ცეცხლი არ გამოუყენებიათ. ამასთანავე, ნიმუშები აგურის შუიდან აიღეს, სადაც მასალა კარგად იყო დაცული.
მიღებული ცნობები უძველეს ცივილიზაციებზე გვაწვდის დამატებით ინფორმაციას და გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა მსოფლიო ათასწლეულების განმავლობაში.
კვლევა ერთგვარი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერებაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა ერთობლივ მუშაობას — არის საკითხები, რომელთა შესწავლაც მრავალმხრივ განსწავლულობას მოითხოვს.
ნაშრომს გამოცემაში Scientific Reports გაეცნობით.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”