,,არასდროს ვარ ეიფორიაში წარმატების დროს. წარმატება ფეიერვერკს ჰგავს ღამით, ცაში ყველა მას უყურებს და როგორც კი ჩაქრება, ისევ ცარიელი ცა რჩება, მერე ყველას ავიწყდება,” – სიტყვები მსოფლიოში აღიარებულ ქართველ არტისტ ლევან სონღულაშვილს ეკუთვნის, რომლის პერსონალური გამოფენა “Triptychos” 8 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა.
ლევან სონღულაშვილი გამოფენის შესახებ ამბობს, რომ ერთ წლიანი მზადების შემდეგ შეიქმნა მულტიმედიური გამოფენა, რომელიც აერთიანებს კედლის მხატვრობას, ინსტალაციას, ბგერასა და ფერწერულ ტილოს. როგორც ლევანი აღნიშნავს, გამოფენის შემდეგ იგეგმება ევროპაში, ამერიკასა და აზიაში ნამუშევრების მოგზაურობა, საწყისი წერტილი კი იქნება თბილისის გამოფენა.
რაც შეეხება კოვიდ პანდემიის გავლენას არტისტის შემოქმედებაზე, იგი შენიშნავს, რომ ეს პერიოდი გარდამტეხიც კი იყო – ,,პირველად მოხდა კარანტინის პერიოდში, როდესაც გავაკეთეთ საქართველოდან იტალიაში ონლაინ გამოფენა, სადაც სწორედ კოვიდის პერიოდში შექმნილი ფსიქოლოგიური სახეების სერია გამოიფინა და ვირტუალურ სამყაროშო გადაინაცვლა გამოფენამ.”
ლევან სონღულაშვილი თბილისის სახელმწიფო აკადემიის შემდეგ, 2014 წელს პირველი ქართველი სამაგისტრო კურსის სტუდენტი იყო ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის ისტორიაში. 2015 წელს გამოფენა-აუქციონზე სონღულაშვილის ნახატი “მედუზა” ლეგენდარული არტისტების ნახატებთან ერთად გამოიფინა და გაიყიდა. ასევე ბრუკლინის მუზეუმის გამოფენაზე ლევანის ნამუშევარი მუზეუმის მუდმივ კოლექციაშიც მოხვდა დიდებული არტისტების ნამუშევრების გვერდით.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”