close
კვლევები

მსოფლიოში მდინარეები საგანგაშო ტემპით შრება

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ახალი ანგარიშის თანახმად, ჩვენს პლანეტაზე არსებულ მდინარეებში წყლის დონე საგანგაშო ტემპით იკლებს. გასაკვირი არაა, რომ ეს კლიმატის ცვლილების გამო ხდება, რომლის შედეგებიც უკვე დედამიწის ყველა რეგიონში იგრძნობა.

მაგალითად, გასული წელი დოკუმენტირებულთა შორის ყველაზე მშრალი იყო. მაგრამ მსგავსი პრობლემა მხოლოდ შარშან არ გამოვლენილა, არამედ მდინარეებში წყლის დონე ბოლო 5 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად სწრაფად იკლებს. ცნობილია, რომ 2023-ში მდინარის აუზების 50%-ზე მეტში წყლის ანომალიური დეფიციტი დაფიქსირდა, რაც რეკორდულ სიცხესა და ბუნებრივ კატასტროფებს დაემთხვა. ეს მიანიშნებს, რომ ამ ორ მოვლენას შორის პირდაპირი კავშირია.

მეცნიერები ამბობენ, რომ წყალთან ასოცირებული ცვლილებები, როგორიცაა დატბორვები, უხვი ნალექი და გვალვა, გლობალური დათბობის დასტურია. ეს ეკოსისტემას, მოსახლეობასა და სახელმწიფოების ეკონომიკას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს. ასევე, ტემპერატურის მატება პლანეტის ჰიდროლოგიურ ციკლს აჩქარებს ისე, რომ სიტუაცია უკვე არაპროგნოზირებადი ხდება.

ერთი მხრივ, ამაში მნიშვნელოვან როლს ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის ცვლილებით გამოწვეული ურთიერთსაწინააღმდეგო ბუნებრივი ფენომენები, ლა ნინია და ელ ნინიო, იწვევს. მეორე მხრივ, კლიმატის ცვლილება მათ გავლენას საგრძნობლად აძლიერებს.

ახალი ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს მდინარე ამაზონის აუზში წყლის დონემ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია მათ შორის, რაც 1902 წლიდან დაფიქსირებულა. ამბობენ, რომ ამაში წვლილი 2022-ის მიწურულსა და 2023-ის დასაწყისში ლა ნინიადან ელ ნინიოზე გადასვლას მიუძღვის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0