60 წლის გერმანელი მამაკაცი, სავარაუდოდ, აივ ინფექციისგან (შიდსისგან) სრულად განიკურნა, რაც ისეთი სამედიცინო შედეგია, რომელსაც მის გარდა ჯერ მხოლოდ ექვსმა ადამიანმა მიაღწია.
სავარაუდოდ, მამაკაცს ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც ძვლის ტვინის გადანერგვა, მას შემდეგ, რაც მას ლეიკემია დაუდგინდა – სისხლის კიბოს ერთ-ერთი სახეობა.
კიბოს მკურნალობის ეს საშუალება, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სარისკოა, მაგრამ მამაკაცი, რომელიც ანონიმური რჩება, ახლა ორივე დაავადებისგან თავისუფალია.
მისმა ექიმებმა მას “შემდეგი ბერლინის პაციენტი” უწოდეს – პირველი ტიმოთი რეი ბრაუნი იყო, რომელიც შიდსისგან განკურნებულად 2008 წელს, იმავე პროცედურის შემდეგ გამოცხადდა.
ბრაუნი კიბოთი 2020 წელს გარდაიცვალა. ხოლო ახალი შემთხვევა შიდსის 25-ე საერთაშორისო კონფერენციის წინ გამოცხადდა, რომელიც მომავალ კვირას, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება.
პაციენტს აივ-ის დიაგნოზი 2009 წელს დაუსვეს. ლეიკემიის გამო ძვლის ტვინი მამაკაცს 2015 წელს გადაუნერგეს. პროცედურა, რომელსაც ლეტალობის 10-პროცენტიანი რისკი აქვს, არსებითად, ადამიანის იმუნურ სისტემას ანაცვლებს.
2018 წლის ბოლოს მან ანტირეტროვირუსული წამლების მიღება შეწყვიტა, რომლებიც სისხლში აივ ინფექციის რაოდენობას ამცირებენ.
სამედიცინო მკვლევარების თანახმად, თითქმის ექვსი წლის შემდეგ, ის, როგორც აივ-ისგან, ასევე კიბოსგან თავისუფალია.
ექიმმა-მკვლევარმა ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოდან, კრისტიან გეიბლერმა, განაცხადა, რომ გუნდი ვერ იქნება “აბსოლუტურად დარწმუნებული”, რომ აივ-ის ყველა კვალი აღმოფხვრილია, მაგრამ “პაციენტის შემთხვევა ძლიერ მიანიშნებს აივ-ის განკურნებაზე”.
“ის თავს კარგად გრძნობს და ენთუზიაზმით არის განწყობილი ჩვენს კვლევით ძალისხმევაში წვლილის შეტანის მიმართ”, – განაცხადა გეიბლერმა.
საერთაშორისო შიდსის საზოგადოების პრეზიდენტმა, შერონ ლევინმაგანაცხადა, რომ მკვლევარები სიტყვა “განკურნების” გამოყენებაზე ყოყმანობენ, რადგან არ არის ზუსტად დადგენილი, რამდენ ხანს უნდა ადევნონ თვალყური ასეთ შემთხვევებს.
მაგრამ, მისი განცხადებით, ხუთ წელზე მეტ ხანს გაგრძელებული რემისია ნიშნავს, რომ მამაკაცი განკურნებულად ჩათვლასთან “ახლოს არის”.
მისივე თქმით, ამ მამაკაცის შემთხვევასა და სხვა აივ პაციენტებს შორის, რომლებმაც გრძელვადიან რემისიას მიაღწიეს, მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
ერთის გარდა ყველა სხვა პაციენტმა ღეროვანი უჯრედები ისეთი დონორებისგან მიიღეს, რომელთაც იშვიათი მუტაცია ჰქონდათ – მათ CCR5 გენს აკლდა ერთი ნაწილი, რაც მათი სხეულის უჯრედებში აივ-ის შესვლას ბლოკავდა.
ლევინმა განაცხადა, რომ ამ დონორებს მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდათ მუტირებული CCR5 გენის ორი ასლი – თითო თითოეული მშობლისგან – რაც მათ აივ-ის მიმართ “არსებითად იმუნურს“ ხდიდა.
მაგრამ ახალი “ბერლინის პაციენტი” პირველია, ვისაც ღეროვანი უჯრედები ისეთი დონორისგან გადაენერგა, რომელსაც მუტირებული გენის მხოლოდ ერთი ასლი ჰქონდა მემკვიდრეობით მიღებული.
ევროპული წარმოშობის ადამიანების დაახლოებით 15 პროცენტს ერთი მუტირებული ასლი აქვს, ორი კი – 1%-ს.
როგორც მკვლევარები იმედოვნებენ, უახლესი წარმატება ნიშნავს, რომ მომავალში პოტენციური დონორების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება.
ლევინის თქმით, ახალი შემთხვევა ასევე “იმედის მომცემია” აივ-ის განკურნების უფრო ფართო კვლევისთვის, რომელიც ყველა პაციენტისთვის იმოქმედებს.
“იმიტომ, რომ ეს მიუთითებს, რომ სინამდვილეში, იმისთვის, რომ გენურმა თერაპიამ იმუშავოს, CCR5-ის ყველა ნაწილის მოშორება საჭირო არ არის”, – დაამატა მან.
“ჟენევის პაციენტი”, რომლის შემთხვევაც შარშანდელ შიდსის კონფერენციაზე გამოცხადდა, შვიდს შორის მეორე გამონაკლისია. მან ტრანსპლანტი მიიღო დონორისგან CCR5 მუტაციების გარეშე, მაგრამ მაინც მიაღწია გრძელვადიან რემისიას.
ლევინის განცხადებით, ამან აჩვენა, რომ პროცედურის ეფექტურობა CCR5 გენზე არ არის დამოკიდებული.
ბრაუნს, პირველ “განკურნებულ” პაციენტს, აივ-ის დიაგნოზი 1995 წელს, ბერლინში სწავლის დროს დაუსვეს.
ათი წლის შემდეგ მას ლეიკემიაც დაუდგინდა, კიბო, რომელიც სისხლსა და ძვლის ტვინს აზიანებს.
მისი ლეიკემიის სამკურნალოდ, მისმა ექიმმა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში მიმართა ღეროვანი უჯრედების გადანერგვას დონორისგან, რომელსაც ჰქონდა იშვიათი გენეტიკური მუტაცია, რამაც მას აივ-ის მიმართ ბუნებრივი რეზისტენტობა მისცა, იმედოვნებდა რა, რომ ეს ორივე დაავადებას მოსპობდა.
საჭირო გახდა ორი მტკივნეული და საშიში პროცედურა, მაგრამ წარმატება დადგა: 2008 წელს ბრაუნი ორივე დაავადებისგან თავისუფლად გამოცხადდა, და მას სამედიცინო კონფერენციაზე, მისი ანონიმურობის შესანარჩუნებლად “ბერლინის პაციენტი” უწოდეს.
ორი წლის შემდეგ მან სიჩუმე დაარღვია და საჯარო ფიგურა გახდა, ატარებდა გამოსვლებს, იძლეოდა ინტერვიუებს და საკუთარი ფონდიც დააარსა.
“ცოცხალი მტკიცებულება ვარ, რომ შეიძლება, შიდსის განკურნების საშუალება არსებობდეს”, – თქვა მან 2012 წელს, – “შესანიშნავია, როცა აივ-ისგან განიკურნები”.
მიუხედავად იმისა, რომ აივ-ისგან თავისუფალი იყო, მისი კიბო დაბრუნდა.
ბრაუნის განკურნებიდან ათი წლის შემდეგ, მეორე აივ-ით დაავადებული – სახელწოდებით “ლონდონის პაციენტი” – რემისიაში მსგავსი პროცედურის გავლიდან 19 თვის შემდეგ გამოცხადდა.
პაციენტი ადამ კასტილეხო, ამჟამად აივ-ისგან თავისუფალია.
სხვა პაციენტები არიან “დიუსელდორფის პაციენტი” 2023 წელს, “ნიუ-იორკის პაციენტი” 2022 წელს, “ესპერანზას პაციენტი” 2021 წელს და ლორენ უილენბერგი 2020 წელს.
სხვა პაციენტებისგან განსხვავებით, “ესპერანზას პაციენტისა” და უილენბერგის შემთხვევებში, მათმა იმუნურმა სისტემებმა მათი სხეულებიდან ვირუსი ბუნებრივად მოაშორეს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”