მძინარე ადამიანის ტვინი ღამის განმავლობაში 100-ზე მეტჯერ იღვიძებს, რისი მიზეზიც „სტრესის ჰორმონის“ – ნორადრენალინის ნეირომედიატორის დონის ცვალებადობაა. ასეთ დასკვნამდე კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ.
Daily Science-ის ცნობით, „სტრესის ჰორმონი“ დაძაბულობის დროს გამოიყოფა და ადამიანს კონცენტრირებაში ეხმარება.
„ტექნიკური კუთხით, ადამიანი იღვიძებს, იმიტომ რომ ამ ძალიან მოკლე პერიოდში ტვინის აქტივობა ისეთივეა, როგორც ფხიზლად ყოფნისას, თუმცა მძინარე ადამიანი ამას ვერ ამჩნევს“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი მი ანდერსონი.
ძილის დროს ტვინის ხშირი გამოძვიძება აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერებისთვის – მოკლე გამოძვიძებები ტვინის გადატვირთვას ახდენენ.
კვლევის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ მათი მუშაობის შედეგები ახალი ანტიდეპრესანტების შექმნისას იქნება გამოსადეგი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”