ნავთობის ფასი ორშაბათის მონაცემებით, 0-ს ჩამოცდა და პირველად ისტორიაში ნეგატიური გახდა. რას ნიშნავს ეს? როგორც BBC წერს, ეს ნიშნავს იმას, რომ ნავთობის მწარმოებლები უხდიან მყიდველებს თანხას, რათა გაყიდონ ნავთობი და არ გადაიტვირთოს თავიანთი საცავები, რისი საფრთხეც მაისშია მოსალოდნელი.
„აშშ-ში საშინელი ვითარებაა. ჩაკეტილი ბაზრის გამო, ნათელია რომ ჩვენ რეალურ ზეწოლას განვიცდით მარაგების კუთხით, მოთხოვნაზე მნიშვნელოვანი კლების გამო. ვფიქრობ, ფასები კვლავ ასეთი ზეწოლის ქვეშ იქნება“, – განაცხადა ANZ-ის სტრატეგმა ენიე ჰაინსმა CNBC–ისთან საუბარში.
კორონავირუსის პანდემიის გამო, “შავ ოქროზე” მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა სერიოზულად დაცემულია. ეკონომიკა გაჩერებულია. ბიზნესები დაკეტილია. ქვეყნების უმრავლესობაში კარანტინია. ამ ყველაფერმა კი, ნავთობის გაყიდვების შემცირება გამოიწვია. გადაივსო მარაგები და ფასიც დაეცა. დღის ცალკეულ მონაკვეთში WTI ტიპის ბარელი ნავთობი მინუს $38–მდეც კი დაეცა. (ბოლო მონაცემებით, –32 დოლარია).
„მსოფლიო გაჩერებულია, ფაქტობრივად, მყიდველი არ ჰყავს ნავთობს, გადავსებულია ყველა საცავი, შეერთებული შტატებიდან დაწყებული, აბსოლუტურად – ყველგან. შესაბამისად, როდესაც მოთხოვნა არ არსებობს და ჭარბი მიწოდებაა ბაზარზე, ფასი დავარდა“, – აღნიშნა bm.ge-ისთან საუბარში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნავთობის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის დასაწყისში ნავთობის მსხვილი მწარმოებელი სახელმწიფოები და მათი პარტნიორები ყოველდღიურად მოპოვებული ნავთობის მოცულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. მოგვიანებით, OPEC-ის წევრებმა შეთანხმება შეძლეს, თუმცა ნავთობის ფასზე კორონავირუსის პანდემია აისახა და ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დაეცა.
ცნობისთვის, CNBC–ის მონაცემებით, საუდის არაბეთიდან ნავთობის აშშ–ში ტრანსპორტირება გაოთხმაგდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო. შედარებისთვის, ტრანსპორტირების მოცულობა თებერვალში დღიურად საშუალოდ 366,000 ბარელი იყო, მარტში – 829,540 ბარელი, ხოლო 1.46 მილიონი ბარელი აპრილის პირველ ორ კვირაში.
წყარო : bm.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“