ჩვენს გარშემო, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად საკუთარი თავის თუ საქმის ძიებაში არიან. ამ გზაზე არც სირთულეების ეშინიათ და არც ცვლილებების. მერე კი, აღმოჩნდება ხოლმე, რომ თავიც იპოვეს და სხვებისთვისაც მაგალითის მიმცემად იქცნენ.
დღეს სწორედ ასეთ ადამიანზე, ნინო წიკლაურზე გიამბობთ. ის მალე, „თეგეტა აკადემიას“ დაასრულებს და სატვირთო ავტომობილების მექანიკოსი, უფრო ზუსტად კი, ელექტრობისა და დიაგნოსტიკის სპეციალისტი იქნება.
ამ კურსის შესახებ, მეგობრისგან გაიგო. ჯერ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გაგზავნა, შემდეგ კი ტესტირება და გასაუბრება გაიარა.
„თეგეტა ჰოლდინგში“ მიაჩნიათ, რომ არ არსებობს „ქალისა“ და „კაცის“ პროფესიები. ამიტომ, „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ქალთა გაძლიერების მხარდამჭერ კამპანიაში — #პროფესიასარაქვსგენდერი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ცვლილებისთვის“ პარტნიორობით ხორციელდება. „თეგეტა აკადემიამ“ მექანიკოსობით დაინტერესებული ქალების გადამზადება დაიწყო. პირველი, თეორიული ეტაპის შემდეგ, ქალები პრაქტიკულ ნაწილს გადიან, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში დასაქმდებიან.
ნინო წიკლაური ერთ-ერთია იმ 3 ქალიდან, ვინც ამ პროგრამაზე სწავლობს.
„ტექნოლოგიები ბავშვობიდან მაინტერესებდა. კომპიუტერები, ელექტრობა. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ მაინცდამაინც – ავტომექანიკით ვიყავი გატაცებული. ეს ისეთი სპეციფიკური სფეროა, გარემოც უნდა გიწყობდეს ხელს. მე მსგავსი გამოცდილება არ მქონია, არც კი ვიცოდი, თუ შემეძლო ამ მიმართულებით მუშაობა“.
ნინოს მამა ხელოსანი იყო, ოღონდ არა მანქანების. რა თქმა უნდა, სახლშიც ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებდა.
„აი, ასეთ გარემოში გავიზარდე და ჩემთვის, „ქალისთვის შესაფერისი“ ან „ქალისთვის შეუფერებელი“ საქმე არ არსებობდა. ტექნოლოგიების, მსუბუქი თუ მძიმე ტექნიკის მიმართ ჩემი ინტერესის გამო, ოჯახის მხრიდან, წინააღმდეგობა არასოდეს შემხვედრია, მათ შორის არც მაშინ, როცა ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოვთქვი“.
34 წლის ასაკში ავტომექანიკოსობა მისი მეექვსე პროფესიაა. რაც თავი ახსოვს, სწავლობს, სულ ძიების პროცესშია და იპოვა კიდეც საყვარელი საქმე.
„თავი ასე არასოდეს მიგრძნია, ბოლომდე მივიღე და შევიყვარე ეს საქმე. ზუსტად ის არის, რაც მინდოდა. საერთოდ, ძალიან მიყვარს ჭკვიანი ტექნიკა. მთელი ცხოვრება ისეთ პროფესიებს ვეუფლებოდი, ქალები რომ ნაკლებად ირჩევენ და მგონია, ესეც სტერეოტიპული დამოკიდებულებაა. ნამდვილად, ვერ გეტყვით, რომ დიდი ცვლილებების სურვილით ვირჩევდი ამ პროფესიებს, უბრალოდ, ვსწავლობდი იმას, რაც ყოველთვის მაინტერესებდა“.
მიაჩნია, რომ სტერეოტიპების დანგრევას დრო სჭირდება. საქმიანობისას მომხმარებლის დაბნეულობაც უგრძნია და ეჭვიც, როდესაც მის გაკეთებულ საქმეს კაც თანამშრომელთან ამოწმებდნენ.
„გულდასაწყვეტია, როდესაც ვიღაც მხოლოდ იმიტომ გამოწმებს რომ ქალი ხარ. თუმცა, ეს ჩემი კი არა, მათი პრობლემაა და ვერ შემაფერხებს ან შემაჩერებს. დაბრკოლება კი არა, ეს ჩემთვის გამოწვევაა, რომელსაც ისევე გადავლახავ, როგორც ძალიან ბევრი რამ გადავლახე ამ ცხოვრებაში. ერთ და ორ ადამიანსაც შეუძლია რეალური ცვლილებები მოიტანოს. მთავარია მონდომება, თავდაუზოგავი შრომა და თვითდაჯერებულობა“.
სხვებისათვის რჩევის მიცემა გამიჭირდებაო, ამბობს. არც წარმატების კონკრეტული რეცეპტი აქვს, უბრალოდ მიაჩნია, რომ:
ცხოვრებაში არასოდეს უნდა შეწყვიტოთ ძიება და სვლა. შეიძლება, ყოველთვის არ იცოდე, სად მიდიხარ, მაგრამ აუცილებლად უნდა იარო. ახლაც ყოველ დღე ვეკითხები ჩემს თავს: „შევძლებ“? თუმცა, ეს შიში აღარ არის. ეს სწავლის პროცესია და ყველაფერს მივიღებ, რაც კი პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დამეხმარება. მე ხომ ჩემი თავი და საქმე ვიპოვე, რომელიც საკუთარი „მეს“ რწმენასა და თვითდაჯერებულობას მმატებს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”