გერმანულენოვანი ქართველი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი, ლიტერატურული მწვერვალების დაპყრობას განაგრძობს.
ამჯერად, ცნობილი გახდა, რომ ხარატიშვილის ახალ, ჯერ გამოუცემელ რომანს The Lack of Light (წიგნი დაწერილია გერმანულად) ერთ-ერთი უდიდესი ინგლისურენოვანი გამომცემლობა HarperCollins გამოსცემს. ამბავი ფრანკფურტის წიგნის წლევანდელი ბაზრობის დაწყებამდე გახდა ცნობილი, ინფორმაცია კი ამის შესახებ მწერლის ქართული გამომცემლის, ინტელექტის, წარმომადგენელმა გვანცა ჯობავამ გაავრცელა.
“ეს ნიშნავს, რომ ნინოს ამჟამინდელი წარმატება მონაგონი იქნება”, — წერს ჯობავა, “ეს ნიშნავს, რომ მისი წარმატება ჩანჩქერივით გადაეშვება მაღალი კლდიდან და მოედება ყველას და ყველაფერს, ერთი წუთითაც კი არ მეპარება ამაში ეჭვი. და ეს არა მხოლოდ ნინოსთვის მისალოცი ამბავია, ეს არის უდიდესი შესაძლებლობაც ქართული ლიტერატურისთვის”.
როგორც ქართველი გამომცემლის პოსტიდან ვიგებთ, წიგნი კვლავაც საქართველოს შესახებაა. მასში მოქმედება კი 90-იანი წლების თბილისში, სოლოლაკში, ოთხი ქართველი გოგოს — ქეთოს, ნენეს, დინასა და ინას — გარშემო ვითარდება.
რაც შეეხება HarperCollins-ს, ის ეგრეთ წოდებული დიდი ხუთეულიდან, ხუთი უდიდესი ინგლისურენოვანი გამომცემლობიდან, ერთ-ერთია. მსოფლიო ფენომენად აღიარებული არაერთი ბესტსელერის გამომცემელ კომპანიას წარმომადგენლობა რვა ქვეყანაში ჰყავს, მათ შორის, აშშ-ში, კანადაში, ინდოეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაში.
HarperCollins-ის გარდა, რომანზე საავტორო უფლებები შეიძინა კიდევ ცხრა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ. წიგნს ქართულ ენაზე მაია ფანჯიკიძე თარგმნის, ინტელექტი კი — გამოსცემს.
აღსანიშნავია, რომ წელს ეს ნინო ხარატიშვილის პირველი წარმატება არაა. რამდენიმე თვის წინ მწერლის მესამე რომანი, მერვე სიცოცხლე, დუბლინის ლიტერატურული პრემიის ლონგლისტში მოხვდა. წიგნი მაშინ “პასტერნაკისა და მარკესის ნაზავად” შეაფასეს. მანამდე ხარატიშვილი ამავე რომანით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, ბუკერის, ფინალისტებს შორისაც აღმოჩნდა. 2014 წელს გამოცემული მერვე სიცოცხლე ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ბესტსელერად იქცა.
შილერის მემორიალური პრიზის მფლობელი ქართველი მწერლის ამ დროისათვის ბოლო რომანი, კატა და გენერალი, 2018 წელს გამოიცა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”