უნდა ვაღიაროთ: ადამიანების უმეტესობა სმარტფონებზე ვართ დამოკიდებული. სწორედ სმარტფონებია ინტერნეტის წყარო, რომელზეც ხელი თითქმის ნებისმიერი ადგილიდან მიგვიწვდება.
ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა, რამდენად ცუდია ეს ჩვენი ტვინისთვის?
ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რის მიხედვითაც კვლევის მონაწილეებს მობილურის ინტერნეტზე წვდომა ორი კვირით შეეზღუდათ. მათ შეეძლოთ განეხორციელებინათ სატელეფონო ზარები, გაეგზავნათ ტექსტური შეტყობინებები, გამოეყენებინათ ინტერნეტი კომპიუტერით, მაგრამ არ ჰქონდათ მობილურის ინტერნეტზე წვდომა.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ორკვირიანი შესვენებაც კი (ინტერნეტისგან) საკმარისი აღმოჩნდა ადამიანების მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. დიახ, სულ რაღაც ორ კვირაში კვლევის მონაწილეების ფსიქიკური ჯანმრთელობა და კონცენტრაციის უნარი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
“სმარტფონებმა ჩვენი ცხოვრება და ქცევა მკვეთრად შეცვალა და ეს სულ რაღაც 15 წელიწადში. მიუხედავად ამისა, ჩვენი ფსიქიკა იგივე რჩება. ჩვენ გვქონდა შეკითხვა, ვართ თუ არა ადაპტირებული ასეთ დრამატულ ცვლილებებზე. ვართ კი მზად ვიყოთ ყველაფერთან (ინტერნეტთან) მუდმივად კავშირში? კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ არა”, — თქვა კვლევის თანაავტორმა ადრიან უორდმა, ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა.
ექსპერიმენტში 467 მოხალისე მონაწილეობდა, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელი იყო. ინტერნეტთან წვდომის დასაბლოკად IPhone-ის სპეციალური აპლიკაცია გამოიყენეს. ამის შემდეგ, მონაწილეებს ჩაუტარდათ გამოკითხვები, რათა შეფასებულიყო მათი ფსიქიკური მდგომარეობა. ამასთან, გამოიყენეს კომპიუტერული ტესტები, რათა კვლევის მონაწილეების კონცენტრაციის დონე სპეციალური დიაპაზონის მიხედვით გაეზომათ.
კვლევის მონაწილეების 91%-ში ფსიქიკური მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება დაფიქსირდა. მონაწილეების სამმა მეოთხედმა თავადაც განაცხადა, რომ თავს ბევრად უკეთ გრძნობდა. რაც ყველაზე საინტერესოა, კონცენტრაციის უნარი თითქმის ყველა მონაწილეს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა.
მთლიანობაში, ინტერნეტისგან 2 კვირიან დისტანციას კვლევის მონაწილეებზე ანტიდეპრესანტის ეფექტი ჰქონდა. მკვლევრები ამას იმით ხსნიან, რომ უინტერნეტობისას კვლევის მონაწილეებს ბევრად მეტი დრო გამოუჩნდათ რათა გადართულიყვნენ რეალურს საგნებზე.
“რა არის რეალური საგნები? ეს შეიძლება იყოს რაიმე ჰობი, ადამიანებთან პირისპირ საუბარი, ბუნებაში სეირნობა და სხვა. კვლევის მონაწილეებს მეტი ეძინათ, უფრო მეტად გრძნობდნენ სოციალურ კავშირებს და გაუჩნდათ შეგრძნება, რომ უფრო მეტად ჰქონდათ კონტროლი საკუთარ გადაწყვეტილებებზე”, — აღნიშნეს მკვლევრებმა.
მკვლევრებს ახლა იგივე ექსპერიმენტის უფრო ხანგრძლივად ჩატარება უნდათ. მათ აინტერესებთ, თუ როგორ შეიძლება აისახოს ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე რამდენიმე თვიანი უინტერნეტობა.
მომზადებულია პორტალ on.ge-ს მიერ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“