close
ასტრონომია - კოსმოსი

პენტაგონი ეჭვობს, რომ რუსეთმა დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი გაუშვა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა, გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, რუსეთის მიერ ახლახან ორბიტაზე გაშვებული ხელოვნური თანამგზავრი კოსმოსური იარაღი იყოს. მან განაცხადა, რომ ამ აპარატის მიერ სხვა სატელიტებზე შეტევის რისკი არსებობს.

ასევე, საინტერესოა ისიც, რომ პენტაგონის წარმომადგენლის ინფორმაციით, ეს ზონდი ორბიტის იმავე რეგიონში მოძრაობს, რომელშიც თავად აშშ-ის სამთავრობო თანამგზავრი.

“რა თქმა უნდა, მისთვის თვალის მიდევნებას განვაგრძობთ. შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს ვალდებულება, კოსმოსური სივრცის დასაცავად მზად ვიყოთ…

განვაგრძობთ კოსმოსში ჩვენი ინტერესების დაცვის დაბალანსებასაც, რათა სტაბილური და მდგრადი კოსმოსური გარემო შევინარჩუნოთ”, — აცხადებს პატრიკ რაიდერი.

მიმდინარე წელს აშშ-მა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთი ორბიტაზე ბირთვული იარაღის გაგზავნას გეგმავდეს. იქ მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება არამხოლოდ სერიოზულ საფრთხესთანაა დაკავშირებული, არამედ ეწინააღმდეგება 1967 წლის კონვენციასაც, რომლის თანახმადაც, კოსმოსში მასობრივი განადგურების იარაღის გაშვება აკრძალულია.

აღსანიშნავია, რომ აპრილში რუსეთი ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვის შესახებ გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები სერიოზულად არ აღიქვამენ აშშ-ის უკანასკნელ ეჭვებსაც.

“არ ვფიქრობ, რომ ვაშინგტონიდან გაჟონილ ნებისმიერ ინფორმაციას უნდა გამოვეხმაუროთ. რუსული კოსმოსური პროგრამა გეგმის მიხედვით ვითარდება. სხვადასხვა დანიშნულების აპარატების გაშვებაში, მათ შორის ისეთის, რომელიც ჩვენს თავდაცვას გააძლიერებს, ახალი არაფერია”, — ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0