close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

პირველად მსოფლიოში, პირველი ტიპის დიაბეტი ღეროვანი უჯრედებით უკუაქციეს

პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებს ამ ავტოიმუნური დაავადების უკუქცევა ან სპონტანურ რემისიაში გადაყვანა არ შეუძლიათ; ერთადერთი, რაც მათ ძალუძთ, არის ინსულინით სისხლში შაქრის დონის მართვა, ჯანსაღად კვება და რეგულარული ვარჯიში

 

ახლახან, ჩინეთში, ამ დაავადების მქონე ახალგაზრდა ქალზე ჩატარებული წარმატებული მკურნალობა აჩენს იმედს, რომ უკვე ძალიან ახლოს არის უნივერსალური სამკურნალო საშუალება.

2023 წლის ივნისში, ექიმებმა პაციენტს მუცლის კუნთებში დაახლოებით 1,5 მილიონი ინსულინის მწარმოებელი უჯრედი შეუყვანეს. უჯრედული საზოგადოება ზედმიწევნით გადააპროგრამეს მისივე საკუთარი ღეროვანი უჯრედებიდან.

2,5 თვის შემდეგ, დასრულდა ქალის სამუდამო დამოკიდებულება ინსულინის გაკეთებაზე — სრულიად უკუიქცა მისი ხანგრძლივი, ძნელად საკონტროლებელი დიაბეტი.

ტრანსპლანტაციიდან ოთხი თვის შემდეგ, მისი სხეული თავად გამოიმუშავებდა საკმარის ინსულინს, რათა დღის 98 პროცენტზე მეტი დროის განმავლობაში შეენარჩუნებინა სისხლში შაქრის უსაფრთხო დონე.

თუკი ამ პაციენტს ინსულინის ბუნებრივად წარმოება მომდევნო წლებშიც შეუნარჩუნდა, ერთ მშვენიერ დღეს, ის შეიძლება განკურნებულად გამოცხადდეს — ეს ამ სახის პირველი წარმატებული შემთხვევა იქნება მედიცინაში.

„გამორჩეული შემთხვევაა. თუკი სხვა პაციენტებშიც ასე მოხდა, დიდებული ამბავი იქნება“, — ამბობს დიაბეტის მკვლევარი დაისუკე იაბე, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

ჩინელი მკვლევრები უკვე გეგმავენ ამ ცდის გაგრძელებას სხვა პაციენტებზე.

პირველი ტიპის დიაბეტი მაშინ ვითარდება, როცა სხეულის იმუნური სისტემა პანკრეასში თავს ესხმის ინსულინის მწარმოებელი უჯრედების, ე. წ. პანკრეასის კუნძულების კლასტერებს.

ზოგიერთ შემთხვევაში, დონორისგან პანკრეასის კუნძულების ან მთლიანად პანკრეასის გადანერგვამ პირველი ტიპის დიაბეტი შეიძლება განკურნოს, მაგრამ ეს უკიდურესი და პოტენციურად სახიფათო ვარიანტია და თანაც, დონორები სულ თითზე ჩამოსათვლელია მაშინ, როცა ეს ავტოიმუნური დაავადება მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აქვს.

უკვე ოც წელიწადზე მეტია, მეცნიერები ცდილობენ, სრულად განვითარებული, ზრდასრული ქსოვილის უჯრედები დააბრუნონ მდგომარეობაში, რომელსაც ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედი ეწოდება და შემდეგ, უკვე ეს უჯრედები გარდაქმნან ინსულინის მწარმოებელ უჯრედებად.

თუმცა, უკიდურესად რთულია იმის გარკვევა, როგორ გაკეთდეს ეს საქმე სიზუსტით. საბოლოო პროდუქტი ყოველთვის არ ემთხვევა რეალურ პანკრეასის კუნძულებს.

ჩინელმა მეცნიერებმა ახალი გზა არჩიეს, რომელიც მათი თქმით, გაცილებით დიდი კონტროლის საშუალებას იძლევა. ღეროვან უჯრედებში ცილების შეყვანის ნაცვლად, რაც გარკვეულ გენთა ექსპრესიას იწვევს, ზრდასრული ქსოვილების სუფთა მდგომარეობაში გადაპროგრამებით, მკვლევრებმა ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები პატარა მოლეკულების გამოყენებით გამოიყვანეს.

მას შემდეგ, რაც ეს მეთოდი თაგვებსა და პრიმატებზე წარმატებითა და უსაფრთხოდ დატესტეს, ჯგუფმა ცდის ადამიანებზე ჩატარების ნებართვა მიიღო. ცდა ამჟამადაც გრძელდება და მასში სამი ადამიანია ჩართული.

ერთ-ერთი პაციენტი 26 წლის ქალია, რომელსაც პირველი ტიპის დიაბეტის დიაგნოზი 14 წლის ასაკში დაუსვეს და მისი ერთწლიანი ცდების შედეგები ახლა გამოქვეყნდა.

იქამდე, ამ პაციენტს მწვავე ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის შემცველობის შემცირება) გამო უკვე გადანერგილი ჰქონდა პანკრეასი, მაგრამ მწვავე თრომბოზულ გართულებათა გამო, ორგანო ამოსაკვეთი გახდა.

სხვათა შორის, იმუნოსუპრესიულ წამლებთან ერთად, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტატმა უკეთესად იმუშავა, ვიდრე გადანერგილმა ორგანომ.

ბოლო პერიოდში ჩატარებული სხვა კლინიკური ცდებიც მიუთითებს, რომ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაზე კვლევები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

მაგალითად, აშშ-ში ჩატარებულ კვლევაში, პირველი ტიპის დიაბეტის მქონე 12 პაციენტს დონორის მიერ გაღებული ღეროვანი უჯრედებისგან შექმნილი პანკრეასის კუნძულები შეუყვანეს. ჯგუფს ასევე მისცეს იმუნოსუპრესანტი მედიკამენტები. პირველადი შედეგების თანახმად, მათი სისხლის მიმოქცევაში გლუკოზის შესვლისთანავე დაიწყო ინსულინის ბუნებრივი წარმოება.

კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0