close
მედიცინა

პირველად მსოფლიოში – 13 წლის ბავშვი თავის ტვინის იშვიათი კიბოსგან სრულად განიკურნა

როდესაც ლუკასს ექვსი წლის ასაკში თავის ტვინის იშვიათი ტიპის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, პროგნოზი ყველასთვის აშკარა იყო.

 

ფრანგი ექიმი ჟაკ გრილი ცრემლებს დღესაც ვერ მალავს, როცა იხსენებს, როგორ უნდა ეთქვა ლუკასის მშობლებისთვის, რომ მათი ვაჟი დაიღუპებოდა.

 

თუმცა, მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა, ლუკასი ახლა 13 წლისაა და მის თავში კიბოს კვალიც კი აღარ არის დარჩენილი.

 

ბელგიელი ბიჭი პირველი ბავშვია მსოფლიოში, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კიბოსგან — თავის ტვინის ღეროს გლიომასგან (DIPG) განიკურნა.

 

„ლუკასმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და გადარჩა“, — ამბობს გილი, პარიზის გუსტავ რუსის კიბოს ცენტრის თავის ტვინის სიმსივნეების პროგრამების ხელმძღვანელი.

 

ამ ტიპის კიბოს დიაგნოზს მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ბავშვს უსვამენ, საფრანგეთში კი 100-ს.

 

რამდენიმე დღის წინ, ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღეს, საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებამ აღიარა, რომ ახლა, კიბოს დიაგნოზიდან და მკურნალობიდან ხუთი წლის შემდეგ, ბავშვების 85 პროცენტი იკურნება.

 

თუმცა, თავის ტვინის ღეროს გლიომის დიაგნოზის მქონე ბავშვთა პერსპექტივა კვლავ შავბნელია — უმეტესი მათგანი დიაგნოზიდან ერთ წელიწადსაც ვერ ცოცხლობს. უახლესი კვლევის მიხედვით, მათი მხოლოდ ათი პროცენტი ცოცხლობს ორ წელიწადს.

 

ზოგჯერ, რადიოთერაპია აგრესიული სიმსივნის სწრაფ განვითარებას აფერხებს, მაგრამ მის წინააღმდეგ ეფექტი ჯერ არცერთ პრეპარატს არ უჩვენებია.

 

ლუკასი და მისი ოჯახი ბელგიიდან საფრანგეთში გაემგზავრა, რათა ერთ-ერთი პირველი პაციენტი გამხდარიყო, რომელიც ცდას, სახელად BIOMEDE-ს შეუერთდებოდა. ამ ცდაში თავის ტვინის ღეროს გლიომის პოტენციური ახალი პრეპარატები უნდა დაეტესტათ.

 

ლუკასის ორგანიზმმა თავიდანვე ძლიერად უპასუხა კიბოს პრეპარატ ევეროლიმუსს, რომელიც მას შემთხვევითობის პრინციპით დაუნიშნეს.

 

„მაგნიტურ-რეზონანსულ სკანირებათა მთელ რიგ სერიებში ვხედავდი, როგორ გაქრა კიბო სრულად“, — ამბობს გრილი.

 

თუმცა, ექიმმა მკურნალობის კურსი მაინც არ შეწყვიტა. კურსი წელიწად-ნახევრის წინ დასრულდა.

„მსგავსი შემთხვევა მსოფლიოში მეორე არ ვიცი“, — ამბობს გრილი.

 

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როგორ გამოჯანმრთელდა ლუკასი სრულად და როგორ შეიძლება მისი შემთხვევა მომავალში ამავე დიაგნოზის მქონე სხვა ბავშვებსაც დაეხმაროს.

 

ამავე ცდაში მონაწილე შვიდი ბავშვი დიაგნოზიდან რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ ცოცხალია, მაგრამ სრულად მხოლოდ ლუკასის სიმსივნე გაქრა.

 

გრილის განცხადებით, მიზეზი, რის გამოც ლუკასმა პრეპარატებს ასე უპასუხა, სხვებმა კი არა, სავარაუდოდ მათი ინდივიდუალური სიმსივნეების „ბიოლოგიური თავისებურებებია“.

 

„ლუკასის სიმსივნეს უკიდურესად იშვიათი მუტაცია ჰქონდა, რომელმაც ჩვენი აზრით, კიბოს უჯრედები უფრო მგრძნობიარე გახადა პრეპარატებისადმი“, — აღნიშნავს გრილი.

 

მკვლევრები სწავლობენ პაციენტთა სიმსივნის პათოლოგიებს და ლაბორატორიაში ქმნიან კიბოს „ორგანოიდებს“, ანუ ლაბორატორიაში შექმნილ უჯრედულ მასებს.

 

„ლუკასის შემთხვევა რეალურ იმედს გვაძლევს. ვცდილობთ, ინ-ვიტრო შევქმნათ ის სხვაობები, რაც მის უჯრედებში გამოვავლინეთ“, — ამბობს ლაბორატორიის კვლევების ზედამხედველი მარი-ან დებლი.

ჯგუფს სურს, ორგანოიდებში აღადგინონ მისი გენეტიკური განსხვავებები, რათა ნახონ, შესაძლებელი იქნება თუ არა სიმსივნის ისეთივე ეფექტიანად მოსპობა, როგორც ეს ლუკასის შემთხვევაში მოხდა.

 

მკვლევართა განცხადებით, თუ ამან იმუშავა, შემდეგი ნაბიჯი იქნება პრეპარატის პოვნა, რომელსაც კიბოს უჯრედებზე ისეთივე ეფექტი ექნება, როგორც ამ უჯრედულ ცვლილებებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრები შედეგით აღფრთოვანებული არიან, იქვე გვაფრთხილებენ, რომ ყველა შესაძლო სამკურნალო საშუალებამდე ჯერ დიდი დრო გვაშორებს.

 

„პირველი გამოყენებიდან საშუალოდ 10-15 წელიწადია საჭირო, რომ ის პრეპარატად იქცეს; საკმაოდ ხანგრძლივი, გაჭიანურებული პროცესია“, — აღნიშნავს გრილი.

 

ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ბავშვთა ჰოსპიტლის პედიატრიული ონკოლოგის, დევიდ ზაიგლერის განცხადებით, ბოლო ათწლეულში, თავის ტვინის ღეროს გლიომის ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

 

„ლაბორატორიაში მიღწეული გარღვევები და BIOMEDE-ს მსგავსი ცდების დაფინანსების ზრდა მარწმუნებს, რომ მალე შევძლებთ ზოგიერთი პაციენტის განკურნებას“, — ამბობს ზაიგლერის.

 

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0