62 წლის რიკ სლეიმანი პირველი ადამიანია, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადაუნერგეს. მას ოპერაცია მასაჩუსეტსის საავადმყოფოში ჩაუტარდა. კაცი სახლს ინოვაციური ოპერაციიდან ორი კვირის შემდეგ დაუბრუნდა. ექიმების თქმით, ის თავს კარგად გრძნობს.
ღორის ორგანოების ადამიანისთვის ტრანსპლანტაცია აქამდეც უცდიათ, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო. პროცედურის წარმატებას კი ახლა მეცნიერები ასე აფასებენ – “ისტორიული ეტაპი ტრანსპლანტაციის სფეროში”.
მედიკოსების ცნობით, პაციენტი ებრძოდა თირკმელების დაავადებას და ავადმყოფობა ბოლო სტადიაში იყო, ამიტომ საჭიროებდა ორგანოს გადანერგვას. ექიმებმა კი ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს. ოპერაცია 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მედიკოსების თქმით, ორგანო ჩვეულებრივ ფუნქციონირებს და მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებს.
“საავადმყოფოს დატოვება და სახლში წასვლა ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში”, – თქვა პაციენტმა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”