ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებულ ქალაქ პომპეიში არქეოლოგებმა ქუჩის საკვებისა და სასმელების მაღაზიის ნაშთები აღმოაჩინეს. უნიკალურ არტეფაქტებს შორისაა ტერაკოტას ჭურჭელი, სადაც სხვადასხვა სახის საკვების კვალიც იპოვეს.
“როიტერის” თანახმად, ნაშთებს მიაგნეს არქეოლოგიური პარკის იმ ნაწილში, რომელიც საზოგადოებისთვის ღია ჯერ კიდევ არ არის.
ადგილზე, სადაც გათხრები ჩატარდა, დაახლოებით 2000 წლის წინ ე.წ. თერმოპოლიუმი მდებარეობდა. ეს არის, დღევანდელი გაგებით, ქუჩის საკვების მაღაზია, სადაც ცხელ კერძებსა და სასმელებს ყიდდნენ.
დახლის წინა მხარე ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებებითაა მოხატული. ვარაუდობენ, რომ მათ შორის ზოგიერთს ინგრედიენტებად იყენებდნენ.
“ეს არაჩვეულებრივი აღმოჩენაა. პირველი შემთხვევაა, როცა მთელ თერმოპოლიუმს ვთხრით”, – აცხადებს პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორი მასიმო ოსანა.
კიდევ ერთი არქეოლოგის თქმით, აღმოჩენილ კონტეინერებში მიაგნეს ღორისა და ძროხის ხორცის, ასევე, თევზისა და ლოკოკინის კვალს. ასევე მიაგნეს ბრინჯაოს თასს სასმელისთვის, კერამიკულ ქილებსა და ღვინის ჭურჭელს.
ქალაქი პომპეი დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ის ქალაქ ჰერკულანუმთან ერთად, 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა. ადგილზე არქეოლოგიური გათხრები 1750 წელს დაიწყო.
ფოტო: Corriere Della Sera
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”