close
ასტრონომია - კოსმოსი

რამდენიმე თვეში, ახლომდებარე ვარსკვლავი ნოვად აფეთქდება

ახლომდებარე ვარსკვლავი წელს შთამბეჭდავი სანახაობისთვის ემზადება. შესაძლოა, ის ჩრდილოეთის პოლარულ ვარსკვლავზე უფრო კაშკაშადაც კი გამოჩნდეს.

ეს ვარსკვლავი ჩვენგან დაახლოებით 3000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და უახლოეს თვეებში ე. წ. ნოვად აფეთქდება.

NASA-ს განცხადებით, ასეთ მოვლენას ადამიანი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება შეესწროს და ის შეიძლება იმდენად მასშტაბური იყოს, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კი გამოჩნდეს. მოვლენა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იქნება ხილვადი.

საქმე ეხება ნოვას, რომელსაც ჩრდილოეთის გვირგვინის T-ს (T Coronae Borealis) უწოდებენ. ასეთი კოსმოსური აფეთქება ხდება მაშინ, როდესაც ციცქნა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი, ანუ მკვდარი ვარსკვლავის ბირთვი გიგანტური წითელი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს.

თანდათანობით, თეთრი ჯუჯა გიგანტურ წითელ ვარსკვლავს წყალბადით მდიდარ მატერიას ჰპარავს და თავად ისრუტავს. შედეგად, ის ზომაში იზრდება და ცხელდება იქამდე, ვიდრე საბოლოო წერტილს მიაღწევს — როცა მთელი დაგროვებული ენერგია უზარმაზარი კოსმოსური აფეთქებით გამოთავისუფლდება. ამ მოვლენას ნოვას უწოდებენ (ამ მოვლენის აღსანიშნავად, ქართულში „ნოვას“ ნაცვლად დამკვიდრებულია „ახალი ვარსკვლავი“, რაც სრულიად გაუგებარი და დამაბნეველი ტერმინია. ამიტომ, ჩვენს სტატიებში ვიყენებთ საერთაშორისოდ აღიარებულ ლათინურ ტერმინს „ნოვა“

„შთამბეჭდავი კატაკლიზმი იქნება. ნოვა არსებითად წყალბადის ბომბია“, — ამბობს ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ბრედლი შაფერი.

თუმცა, საშიში არაფერია. ჩრდილოეთის გვირგვინის T ჩვენგან იმდენად შორსაა, რომ მისი ენერგია დედამიწას ვერაფერს უზამს.

წარსულში, ადამიანებს ნოვა ბევრჯერ უნახავთ. ასტრონომებმა პირველად ისინი 1800-იანი წლების ბოლოს გამოავლინეს. ასეთი აფეთქებები დაახლოებით 80 წელიწადში ერთხელ ხდება.

აფეთქება, რომელსაც ახლა ველოდებით, სინამდვილეში ათასობით წლის წინ მოხდა, მაგრამ დედამიწამდე მისი სინათლე მხოლოდ ახლაღა მოაღწევს.

ჩრდილოეთის გვირგვინის T ჩვენგან ბოლოს 1946 წელს ჩანდა, ახლა მის აფეთქებას ვნახავთ, შემდეგ კი 2100-იანი წლების დასაწყისამდე აღარ გამოჩნდება.

როგორ დავინახოთ

იმისათვის, რათა ეს ნოვა არ გამოგრჩეთ, თვალი ადევნეთ სიახლეებს NASA-სგან მის X-ის არხზე @NASAUniverse.

პირველ რიგში, საჭიროა მივაგნოთ ჰერკულესის თანავარსკვლავედს, რომელიც ორ კაშკაშა ვარსკვლავს — ვეგასა და არქტურს შორის არის მოქცეული. იქვე შენიშნავთ ოთხი ხილული ვარსკვლავისგან წარმოქმნილ თაღს, რომელსაც ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედი (Coronae Borealis) ეწოდება. სწორედ ამ თანავარსკვლავედში შენიშნავთ ნოვას აფეთქებას.

როდესაც NASA მოახლოებული აფეთქების ზუსტ დროს დაწერს, შეამოწმეთ ამინდი და მთვარის კალენდარი. რა თქმა უნდა, დანახვის მეტი შანსი გაქვთ უმთვარო და უღრუბლო ღამეში.

საუკეთესო ვარიანტია, მოშორდეთ ქალაქის სინათლეს და სადმე ქალაქგარეთ იპოვოთ მინდორი, სადაც წამოწვებით და ცაში ცქერას დაიწყებთ.

თანავარსკვლავედების საპოვნელად, აუცილებლად გამოიყენეთ ვარსკვლავების რუკის რომელიმე აპლიკაცია (მაგალითად, Sky Map). არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთი დეტალი — იმისათვის, რათა თვალი ღამის წყვდიადს სრულად მოერგოს, დაახლოებით 30 წუთი დაგჭირდებათ.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0