close
დედამიწაეკოლოგია

რამდენი ცხოველი შეეწირა ავსტრალიის ხანძარს და რამდენად ზუსტია გავრცელებული მონაცემები?

ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ავსტრალიაში ტყის ხანძარს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველის სიცოცხლე შეეწირა.

აღნიშნული მონაცემი სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორის, ავსტრალიის ბიოდივერსიფიკაციის ექსპერტის ქრის დიკმანის შეფასებას ეფუძნება.

პროფესორის თქმით, ის გულისხმობს, რომ ხანძარმა 480 მილიონი ცხოველი დააზარალა და არა იმას, რომ ხანძრისგან ამ რაოდენობის ცხოველი დაიღუპა (თუმცა მის მიერ გავრცელებული რელიზის სათაურში აღნიშნულია, რომ 480 ცხოველი იხოცება).

ეს რიცხვი ეფუძნება ანგარიშს, რომელიც ქრის დიკმანმა 2007 წელს გამოაქვეყნდა და რომელშიც აღნიშნულია, რომ ავსტრალიაში ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე საშუალოდ 17.5 ძუძუმწოვარი, 20.7 ფრინველი და 129.5 ქვეწარმავალი ბინადრობს.

„ჩვენი შეფასებით, მხოლოდ ახალი სამხრეთ უელსის შტატში, სადაც ხანძრის შედეგად 3 მილიონ ჰექტარი ტერიტორია დაიწვა, ხანძრისგან დაახლოებით 480 მილიონი ძუძუმწოვარი, ფრინველი და ქვეწარმავალი დაზარალდა,“- აცხადებს პროფესორი დიკმანი.

მისივე თქმით, დიდი ცხოველები, როგორებიცაა კენგურუები და ემუები, ხანძრისგან გაქცევას მოახერხებდნენ, თუმცა ნელა მოძრავი ცხოველებისა და ისეთების უმრავლესობა, რომლებიც მთლიანად ტყეზე არიან დამოკიდებული, დიდი ალბათობით, დაიღუპებოდნენ. გარდა ამისა, ის ცხოველები, რომლებიც ხანძარს გადაურჩნენ, მოგვიანებით საჭმლისა და თავშესაფრის უქონლობის გამო დაიღუპებოდნენ.

ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ აღნიშნული შეფასება და მონაცემები გადაჭარბებულია. იორკის უნივერსიტეტის ეკოლოგისტის ქოლინ ბიელის თქმით, შეუძლებელია ხანძრის პირდაპირი შედეგისგან ამდენი ფრინველი დაღუპულიყო. „მათ შეუძლიათ ხანძარს გაფრენით დააღწიონ თავი,“- აცხადებს პროფესორი ბიელი.

გარდა ამისა, შეფასება მაშინ გაკეთდა, როცა 3 მილიონი ჰექტარი ტერიტორია იყო დამწვარი, ახლა კი ხანძრის შედეგად გაცილებით მეტი ტერიტორიაა დამწვარი და აქედან გამომდინარე, სტიქიის შედეგად გაცილებით მეტი ცხოველი იქნება დაზარალებული.

პროფესორი ბიელის განმარტებით, არსებობს კიდევ ერთი საკითხი – ქვეწარმავლები. ისინი ავსტრალიაში ძირითადად ნიადაგში ცხოვრობენ. ნიადაგი კი სითბოს კარგი იზოლატორია და იქ, სავარაუდოდ, არცთუ ბევრი ქვეწარმავალი დაიღუპებოდა.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ექსპერტები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით რთულია ავსტრალიის ხანძრის შედეგად დაღუპული ცხოველების ზუსტი რაოდენობის დადგენა.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში ტყის ხანძრები სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ახალი სამხრეთ უელსისა და ვიქტორიას შტატებში, საიდანაც მოქალაქეების მასობრივი ევაკუირება ხორციელდება.  სამაშველო ოპერაციაში ათასობით მაშველი და სამხედროა ჩართული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაღუპულია 24 ადამიანი.

წყარო :bbc.com
მასალა  მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0