ვაქცინების უმეტესობას კუნთში აკეთებენ, რაც ცნობილია როგორც კუნთში ინექცია. ზოგი ვაქცინა პერორალურად მიიღება, ზოგს – კანქვეშ უშვებენ, თუმცა ბევრი ვაქცინა კუნთში კეთდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინის კუნთში გაკეთება, რატომ აკეთებენ მას უმეტესად მკლავის – დელტისებრ კუნთში – და არა ფეხის კუნთში?
კუნთებს აქვს იმუნური უჯრედები
კუნთების ქსოვილი შეიცავს მნიშვნელოვან იმუნურ უჯრედებს. ეს იმუნური უჯრედები ამოიცნობენ ანტიგენს, ვირუსის ან ბაქტერიის ვაქცინისგან წარმოქმნილ პატარა ნაწილს, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ რეაქციას.
ვაქცინის ინექცია კუნთოვან ქსოვილში ვაქცინის ლოკალიზებას ახდენს, რაც საშუალებას აძლევს იმუნურ უჯრედებს „განგაშის ხმა“ გაუგზავნონ სხვა იმუნურ უჯრედებს და შეუდგნენ მუშაობას.
როგორც კი კუნთში არსებული იმუნური უჯრედები ვაქცინას ამოიცნობენ, მათ ანტიგენი ლიმფურ სისხლძარღვებამდე მიაქვთ, ლიმფურ სისხლძარღვებს კი ანტიგენის მატარებელი იმუნური უჯრედები ლიმფურ კვანძებში გადააქვთ.
ლიმფური კვანძები, ჩვენი იმუნური სისტემის ძირითადი კომპონენტები, შეიცავს უფრო მეტ იმუნურ უჯრედებს, რომლებიც ვაქცინებში ანტიგენებს ამოიცნობენ და ანტისხეულების შექმნის იმუნურ პროცესს იწყებენ.
ლიმფური კვანძების გროვა განლაგებულია ვაქცინის გაკეთების ადგილთან ახლოს. მაგალითად, ბევრი ვაქცინა შეჰყავთ დელტისებრი კუნთში, რადგან ის იღლიის ფოსოში არსებულ ლიმფურ კვანძებთან ახლოს მდებარეობს. როდესაც ვაქცინები კეთდება ბარძაყში, ლიმფურ სისხლძარღვებს საზარდულის ლიმფურ კვანძებთან მისაღწევად დიდი მანძილის გავლა არ სჭირდებათ.
კუნთოვანი ქსოვილი ვაქცინის რეაქციების ლოკალიზებას ახორციელებს
კუნთოვანი ქსოვილი ასევე ახდენს ვაქცინის რეაქციების ლოკალიზებას. დელტისებრ კუნთში ვაქცინის ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ანთება ან ტკივილი ინექციის ადგილზე.
ცხიმოვან ქსოვილებში გარკვეული ვაქცინების შეყვანის შემთხვევაში, გაღიზიანებისა და ანთების რეაქციის შანსი იზრდება, რადგან ცხიმოვანი ქსოვილი სისხლით ცუდად მარაგდება, რაც იწვევს ვაქცინის ზოგიერთი კომპონენტის ცუდად შეწოვას.
ამასთან, ვაქცინები, რომლებიც შეიცავს ადიუვანტს (ნივთიერება, რომელიც ანტიგენების მიმართ იმუნურ რეაქციას ზრდის) უნდა გაკეთდეს კუნთში იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული კანის გაღიზიანება და ანთება.
გრიპის სეზონი ან ეპიდემიები, როგორიცაა მაგალითად კოვიდ-19, მოითხოვს მცირე დროში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაციას, ამას კი მკლავში ვაქცინის ხელს უწყობს იმის გამო, რომ უფრო მარტივი და მოსახერხებელია.
წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”