არავაქცინირებული ადამიანების დიდი რაოდენობა ვირუსის ვარიანტების წარმოქმნას უწყობს ხელს, – ამის შესახებ დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა ქრისტოფერ მარტინმა განაცხადა.
ვირუსი, რომელიც კოვიდ-19-ს იწვევს, თვითგამრავლებას იწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი „მასპინძელი“ ადამიანის ორგანიზმია. ვირუსი ამას ჩვენი უჯრედოვანი მექანიზმის მიტაცების გზით ახორციელებს, იმისთვის, რომ ადამიანის უჯრედების მეტი ასლის ნაცვლად მეტი საკუთარი უჯრედი მიიღოს. მაგრამ ეს პროცესი ქაოტურია და ვირუსის მიერ საკუთარი ასლების წარმოქმნისას გენეტიკურ კოდში შეცდომები ხშირად ხდება. ეს შეცდომები კი იწვევს მუტაციებს, რომლებიც ქმნიან შემოჭრილი პათოგენის განსხვავებულ ვერსიებს.
”თუ რომელიმე შემთხვევითი შეცდომა ამ ვირუსს უპირატესობას ანიჭებს, მაგალითად,თუ ის უფრო გადამდები გახდება, როგორც ეს „დელტას“ შემთხვევაშია, აღნიშნულივარიანტი შეიძლება სწრაფად გახდეს მოსახლეობაში დომინანტური,” – განაცხადა პროფესორმა მარტინმა.
მისი განმარტებით, რადგანაც ჩვენი სამყარო ასეთი ურთიერთდაკავშირებულია, ვარიანტები შეიძლება სწრაფად გავრცელდეს. მაგალითად, „დელტა“ვარიანტი პირველად ინდოეთში 2020 წლის ბოლოს გამოვლინდა, აშშ – ში კი მაისის დასაწყისში. უკვე ივლისისათვის კი აშშ-ში ინფიცირების ახალი შემთხვევების 80%-ი „დელტა“ ვარიანტზე მოდიოდა.
პროფესორ მარტინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული პირების ნაწილი მაინც ინფიცირდება, ინფიცირების მაჩვენებელი არავაქცინირებულებში გაცილებით მაღალია და შესაბამისად, ისინი ვირუსის გავრცელების უფრო მაღალ რისკს ჰქმნიან.
”თითოეული ჩვენგანი რისკის ქვეშ ვრჩებითმანამ, სანამ მსოფლიოში არავაქცინირებული ადამიანების რაოდენობა დიდია,” – აცხადებს მარტინი.
გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 183 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის, საერთო ჯამში, ვაქცინების 5.46 მილიარდი დოზაა ადმინისტრირებული. დღეში იცრება, დაახლოებოთ, 39 მილიონი ადამიანი. ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 684 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 537 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 374 მილიონი.
წყარო : Bloomberg
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”