მეცნიერების მტკიცებით, მათ აღმოაჩინეს, რატომ ჭაღარავდება ადამიანი სტრესის შედეგად.
თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ღეროვანი უჯრედები – მელანოციტები, რომლებიც კანისა და თმის ფერს აკონტროლებს, ინტენსიური სტრესის დროს ზიანდება.
სან- პაულოსა და ჰარვარდის უნივესრიტეტების მეცნიერების მიერ განხორციელებული ექსპერიმენტების დროს, შავ-ბეწვიანი თაგვები რამდენიმე კვირაში მთლიანად გათეთრდნენ.
ქალები 30 წლის ასაკიდან ნელ-ნელა ჭაღარავდებიან. გაჭაღარავების ასაკსა და ინტენსივობაზე გენეტიკა დიდ ზეგავლენას ახდენს, თუმცა ამ პროცესში სტრესიც დიდ როლს თამაშობს.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ტკივილმა თაგვებში ადრენალისა და კორტიზოლის გამოყოფა განაპირობა, რის გამოც მათ გულისცემა აუჩქარდათ და სისხლის წნევა მოემატათ, რამაც მათ ნერვულ სისტემაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა და მწვავე სტრესის გამოწვევის მიზეზი გახდა.
ამ პროცესმა იმ ღეროვანი ყუჯრედების გამოფიტვა გამოიწვია, რომელიც თმის ფოლიკულებში მელანინს წარმოქმნის.
„ვიცოდით, რომ სტრესი სხეულისთვის ცუდი იყო, მაგრამ სტრესის იმ ზეგავლენამ, რაც ცდების დროს აღმოვაჩინეთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რამდენიმე დღეში პიგმენტის აღდგენის უნარის მქონე ყველა ღეროვანი უჯრედი დაიკარგა, ამის შემდეგ კი პიგმენტების აღდგენა შეუძლებელი ხდება – დაზიანება სამუდამოა,“ – აცხადებენ კვლევის ავტორები.
კიდევ ერთი ექსპერიმენტის დროს, რომელიც მეცნიერებმა აღნიშნული კვლევის ფარგლებში ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ ცვლილებების დაბლოკვა თაგვების მიერ ანტი- ჰიპერტონიკის მიღებით გახდა შესაძლებელი.
გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღეროვანი უჯრედების დაზიანების პროცესში პროტეინია ჩართული. როდესაც მათ ეს პროტეინი – ციკლინზე დამოკიდებული კინაზა (cyclin-dependent kinase (CDK)) ჩაახშვეს, მკურნალობის შედეგად ბეწვის ფერის შეცვლის აღკვეთა შესაძლებელი გახდა.
ეს კი, მეცნიერების განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მომავალში, გაჭაღარავების შეჩერება CDK-ის მედიკამენტის საშუალებით ჩახშობის გზით გახდეს შესაძლებელი.
წყარო : BBC
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“