close
ისტორიასაქართველო

რა საიდუმლოს ინახავს ქალაქი უფლისციხე?

კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი იყო. ისტორიული წყაროების მიხედვით, ქალაქი უფლისციხე დააარსა ქართლოსის შვილიშვილმა უფლოსმა და ქალაქიც სწორედ მის სახელს ატარებს. უფლისციხის შესახებ ძალიან ცოტა ისტორიული წყარო არსებობს და ცდილობენ არქეოლოგიური აღმოჩენებით შეავსონ ის სიცარიელეები, რაც ქალაქის ირგვლივ არსებობს.
ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, მათგან დიდი ნაწილი გამოკვეთილია ადრინდელ ანტიკურ პერიოდში და თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეებით. თუმცა, უფლისციხის მთავარი კედელი გვიყვება სამი განსხვავებული ეპოქის შესახებ და გვეუბნება, რომ უფლისციხეში ადამიანები უწყვეტად ცხოვრობდნენ. მათგან უახლესი შუა საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს, X-XII საუკუნეების.
ქალაქის ტერიტორიაზე დაცულია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის წარმართული სალოცავის ნანგრევები, შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი საწნახლები, საკურთხევლები, ცხოველთა შესაწირი მოედნები, 1000 წლის წინანდელი საცხოვრებელი ოთახი, სადაც საუკეთესოდ არის შემორჩენილი თაღები, თონე და ასე შემდეგ. ასევე საინტერესოა ანტიკური ხანის ღრმა სარკმელი, რომელშიც პირველი მზის სხივი შემოდიოდა და ეცემოდა უძველეს სარიტუალო მოედანს, სადაც ქურუმი ძველი აღმოსავლური წესების მიხედვით სწირავდა ხარს. ლეგენდის თანახმად, უფლისციხეში იყო მონების უბანიც და უფლისციხე მონების მიერაა აგებული. მონას აძლევდნენ წერაქვს, რომლის პირიც უბრალო ლითონით იყო დაფარული, ბოლო ნაწილში კი ოქრო ჰქონდა და როდესაც ლითონი გაცვდებოდა, მონა თავისუფლდებოდა და ოქროც მას რჩებოდა.
უფლისციხესა და სასოფლო გარეუბნის მეურნეობაზე გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილი აგრარული კულტების სალოცავი, კლდეში ნაკვეთი საწნახლები, მარნები, ბრინჯაოსა და კაჟის ნამგლები, რკინის სახნისი, ყურძნის წიპწები და ა.შ. ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდინარე მტკვარზე ეშვება კლდეში გაჭრილი საიდუმლო გვირაბი, რომელსაც საინტერესო ისტორიაც აქვს. X საუკუნეში აფხაზეთის მეფე გიორგიმ შვილი კონსტანტინე ქართლის გამგებლად დააყენა. ქართლის აზნაურების მხარდაჭერით კონსტანტინე, რომელსაც გამეფება სურდა, მამას აუჯანყდა და უფლისციხეში გამაგრდა. მეფე გიორგიმ ალყა შემოარტყა ციხეს და დიდი ბრძოლის მიუხედავად ვერ აიღო. თუმცა კონსტანტინეს გაქცევა მოუწია და სწორედ ამ გვირაბის გამოყენებით გაქცეულა. მოგვიანებით მამას შვილი დაუჭერია და სასჯელად თვალები დაუთრია და დაუსაჭურისებია. ქართლის ერისთავად კი თავისი მეორე ძე ლეონი დაუსვამს.
უფლისციხის უდიდესი ნაწილი დღეს დანგრეულია და პირვანდელი სახე თითქმის სრულად შეცვლილი. 2006 წელს უფლისციხეს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. ქალაქის გადარჩენისა და ამ ბრწყინვალე ძეგლის შენარჩუნების მიზნით, ამერიკის საელჩომ განახორციელა პროექტი, რომელშიც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. უნდა აღინიშნოს, რომ უფლისციხის შესახებ უფრო მეტი კითხვები არსებობს, ვიდრე პასუხები და მომავალში ბევრი საინტერესო აღმოჩენის მომსწრენი ვიქნებით.

გაზიარება:
fb-share-icon0