ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო მუშაობს მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის საქართველოში დასანერგად, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებული პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს.
მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშულ საკითხზე ქართულ მხარეს კოორდინაცია აქვს ავსტრიულ მხარესთან, რომელმაც ქვეყანას საკუთარი მოდელი გაუზიარა.
„ახლა მიმდინარეობს მუშაობა როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება, ტექნიკური უზურნველყოფა, რათა დაინერგოს ეს მოდელი ჩვენთანაც,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავსტრიის „წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, ქვეყანაში აპლიკაცია “Stopp Corona” ათასობით ადამიანმა ჩამოტვირთა. აპლიკაციის საშუალებით სმარტფონის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დააფიქსირონ, ვისთან ჰქონდათ კონტაქტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდება, აპლიკაცია მათ ამის შესახებ ინფორმაციას აწვდის.
„წითელი ჯვარი“ უახლოეს მომავალში აპლიკაციის განვითარებას გეგმავს, მათ შორის სიმპტომის შემოწმების ფუნქციის დამატებას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, გაერკვენ, სიმპტომები, რომელიც მათ აღენიშნებათ, შეესაბამება თუ არა ახალი კორონავირუსის სიმპტომებს.
ახალი აპლიკაციის გამოყენება დაიწყეს ჩინეთშიც, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია იმის დადგენა, ემუქრება თუ არა მას კორონავირუსით დაინფიცირების რისკი.
აპლიკაციის, სახელწოდებით „სწრაფი პასუხი“ QR, ჩამოტვირთვა სმარტფონებშია შესაძლებელი „ალიფეის“ ან „ვიჩათის“ საშუალებით და ის მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, ყოფილა თუ არა ის დაინფიცირებული ან სავარაუდოდ დაინფიცირებული პირის სიახლოვეს.
ასეთ მომხმარებელს შინ დარჩენის რეკომენდაცია ეძლევა, ასევე ურჩევენ, ადგილობრივ მედიკოსებს აღნიშნულის შესახებ აცნობონ.
აპლიკაცია სამთავრობო დეპარტამენტებმა და კომპანია China Electronics Technology Group Corporation- მა ერთობლივად შეიმუშავეს.
ხანგრძლივი დებატების შემდეგ ანალოგიური აპლიკაციის დანერგვას აპირებს გერმანიაც, რომელმაც, საბოლოოდ, სინგაპურის მიერ განვითარებული მოდელის – TraceTogether-ის მსგავს აპლიკაციაზე შეაჩერა არჩევანი. იმ შემთხვევაში, თუკი სმარტფონის პატრონს COVID-19 დაუდასტურდება, აპლიკაციის საშუალებით ამ მონაცემის ჩამოტვირთვა ისეე ხდება, რომ სპეციალურ ჯგუფებს მისი კონტაქტების ადვილად დადგენის შესაძლებლობა აქვს. კერძოდ, გერმანიის ჰაინრიხ ჰერცის ინსტიტუტის (HHI) ინფორმაციით, მათ შეიმუშავეს აპლიკაცია, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ლოკაციის დაფიქსირების გარეშე ანონიმურად ინახავს ინფორმაციას მომხმარებლის კონტაქტების შესახებ – რა მანძლზე და რამდენი ხნით ჰქონდა მას კონტაქტი ამა თუ იმ ადამიანთან.
რაც შეეხება სინგაპურის მიერ შემუშავებულ აპლიკაციის – TraceTogether – საშუალებით შესაძლებელია იმ ადამიანების დადგენა, ვისაც დაინფიცირებულ პირებთან 2 მეტრის მანძილზე 30 წუთის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი.
აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეუძლია ყველას, ვისაც სინგაპურული ტელეფონის ნომერი და ბლუთუზიანი სმარტფონი აქვს. აპლიკაცია აფიქსირებს თუ რა მანძილზე და ვისთან ჰქონდა მომხმარებელს კონტაქტი და ინფორმაციას სმარტფონში ინახავს.
მოქალაქე არ არის ვალდებული, ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუგზავნოს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მას ამ ინფორმაციის გაგზავნას მოსთხოვენ და გადაცემაზე უარს იტყვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
აპლიკაცია Government Technology Agency-მა და სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტრომ ერთობლივად შექმნეს.
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“