close
მედიცინა

რეკომენდაციები ბავშვების კორონავირუსისგან დასაცავად

ახალი კორონავირუსის შესახებ რეკომენდაციებზე ევექსი კლინიკების ექიმი-პედიატრი მაია დათუაშვილი საუბრობს.

ექიმი აღნიშნავს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, მთავარია ექიმების რეკომენდაციები დავიცვათ.

კორონავირუსი ეს არის ისეთივე ვირუსული ინფექცია, როგორც მაგალითად გრიპი, ადენოვირუსი და ა.შ. მისი სიმპტომები არის სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციების მსგავსი, თუმცა, მას არ ახასიათებს სურდო და სველი ხველა. კორონავირუსი გამოირჩევა მაღალი ცხელებით და სუნთქვის უკმარისობით.

კორონავირუსს აქვს ერთი თვისება – ის ნაკლებად გავრცელებულია პატარა ბავშვებში. ფაქტობრივად რისკ-ჯგუფად ბავშვები არ ითვლებიან.

  • 10 წლამდე – ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი  0,2%-ია
  • 20 წლამდე – ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი  1%-ია
  • 30-წლამდე – ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი   2 %-ია

 

რეკომენდაციები მშობლებისა და ბავშვებისთვის ფაქტობრივად იგივეა, რაც ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს.

  1. მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა. იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსი შესაძლოა სხვადასხვა საგნებიდან გადაგვედოს, ამიტომ ხშირად და კარგად უნდა დავიბანოთ ხელი და დავიმუშავოთ ანტისეპტიკური საშუალებებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხელი არ მივიტანოთ სახის არეში, თვალებთან, ცხვირთან და პირთან.
  2. ბავშვებმა უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე.
  3. მნიშნველოვანია ბავშვების ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სწორი დღის რეჟიმი.
  4. აუცილებელია ხშირად გავანიავოთ ოთახები.
  5. მოვარიდოთ ბავშვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ გარე სივრცეები, ეზოები, სკვერები საშიში არ არის. გარე სივრცეში ნაკლებია ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტი და ვირუსის გადადების რისკი ძალიან დაბალია.
  6. სიმპტომების, ვგულისხმობ ხველას და ცხელებას, არსებობის შემთხვევაში აუცილებელია, რომ ბავშვი დარჩეს სახლში, იმისათვის, რომ შევამციროთ ვირუსის გავრცელების რისკი.

 

როდის უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს?

ექიმთან ვიზიტი საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აქვს მაღალი ცხელება. მნიშნვნელოვანია, რომ მშობელმა არ მიმართოს თვითმკურნალობას და ანტიბიოტიკოთერაპიას. ცხელების გამოვლენის პირველივე ეტაპზე მშობლებს შეუძლიათ გაიარონ სატელეფონო კონსულტაცია ბავშვის პედიატრთან და მხოლოდ მისი მითითების შემდეგ მიიყვანონ ბავშვი შესაბამის სპეციალისტთან.

კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო მშობლები და ვუთხრა, რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0