close
ტექნოლოგიები

რისი გაკეთება შეუძლია კაცს, რომელსაც ტვინში Neuralink-ის ჩიპი ჩაუდგეს – ნახეთ ვიდეო

იანვარში ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა ტვინის უსადენო ჩიპი ადამიანის ორგანიზმში პირველად ჩანერგა. ამას მოჰყვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ცდის პირმა პროცედურის შემდეგ მაუსის კურსორი ეკრანზე გონების ძალით აამოძრავა.

ახლა კი ერთ-ერთი ასეთი პაციენტის პირველი ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც მისი შესაძლებლობების დემონსტრაციას ვხედავთ.

ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა პირდაპირი ტრანსლაცია, რომელშიც Neuralink-ის წარმომადგენელი პარალიზებულ პაციენტთან ერთად ჩანს. 29 წლის კაცი, ნოლანდ არბო, რომელსაც ტვინში იმპლანტი ჩაუნერგეს, ლეპტოპში ჭადრაკს თამაშობს, თუმცა ამისთვის ხელებს სულაც არ იყენებს. კურსორს ის “ტელეპათიურად” ამოძრავებს, რაც სწორედ ჩიპის დამსახურებაა.

 

 

Neuralink-ის მიზანი ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებაა, რასაც ნეიროკომპიუტერული ინტერფეისი ეწოდება. მისი მეშვეობით სხვადასხვა მძიმე ნევროლოგიური პრობლემის მქონე ინდივიდებს საშუალება ექნებათ, რომ სხვებთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლონ.

რაც შეეხება ნოლანდ არბოს, მას პარაპლეგია, ანუ კიდურების დამბლა, დაივინგის დროს მიღებული დაზიანების გამო განუვითარდა. ის ერთ-ერთია იმ 6 ადამიანიდან, რომლებიც Neuralink-ის ნეიროკომპიუტერული ინტერფეისის ცდაში ჩართეს.

პაციენტი ზემოხსენებულ ტექნოლოგიას ტრანსფორმაციულს უწოდებს.

„კურსორის ამოძრავება მაშინ შემიძლია, როცა მოვინდომებ. ამისთვის ეკრანზე რომელიმე წერტილს უნდა ვუყურო და კურსორი სასურველი მიმართულებით გადავაადგილო. ეს ძალიან მაგარია”, — აცხადებს არბო.

კომპანია გეგმავს, რომ ცდებში მეტი ადამიანი ჩართოს. Neuralink-ისგან უნდა ველოდოთ არდოს პროგრესისა და ტექნოლოგიური წინსვლების შესახებ ინფორმაციასაც.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0