ციმბირის წყლული, იგივე ჯილეხი, მწვავე ინფექციური დაავადებაა. ინფექციის ძირითადი წყაროა დაავადებული შინაური ცხოველი, განსაკუთრებით – მსხვილი რქოსანი პირუტყვი. ადამიანის ორგანიზმში ჯილეხის გამომწვევი შესაძლოა შეიჭრას დაზიანებული კანიდან, სასუნთქი ორგანოებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კანიდან გამომწვევის შეჭრა უმთავრესად დაავადებული საქონლის მოვლისა და დაკვლის, დაცემული პირუტყვის გატყავებისა და დამარხვის, ინფიცირებული ხორცის, ტყავისა და ბეწვის დამუშავების დროს ხდება. დროული სათანადო მკურნალობის გარეშე ადამიანი შესაძლოა მოკვდეს.
როგორ შეიძლება დაავადდეთ ჯილეხით
თუ პირუტყვის დაკვლა დააპირეთ, აუცილებლად შეატყობინეთ ვეტექიმს და შემდეგ მისი რეკომენდაციისამებრ იმოქმედეთ. თუ საქონელი მოულოდნელად დაეცა, არამცთუ მოვლას, შეხებასაც კი ნუ ეცდებით, ვიდრე საქმის კურსში არ ჩააყენებთ ვეტექიმს. მხოლოდ მას შეუძლია გირჩიოთ, როგორ მოიქცეთ. ჯილეხის გამომწვევი შესაძლოა გადაეცეს მიწასთან კონტაქტითაც. მისი სპორები წლობით ძლებს ნიადაგში და ინარჩუნებს დასნებოვნების უნარს. განსაკუთრებით უნდა ერიდოთ დაცემული ცხოველების სამარხს. ასეთი ადგილები, წესით, შემოკავებული უნდა იყოს და გაკეთებული ჰქონდეს სათანადო წარწერა. შესაძლოა დაავადდეთ აგრეთვე ნაყიდი ხორცის დამუშავების, მისგან კერძის მომზადების დროს და, რა თქმა უნდა, ჭამის შედეგადაც, ამიტომ უნდა ეცადოთ, ხორცი საიმედო ადგილას, მის სარეალიზაციოდ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში შეიძინოთ. ყოველი შემთხვევისთვის გამყიდველს მაინც მოსთხოვეთ ხორცის ხარისხიანობის დამადასტურებელი ცნობა. თუ მაინც მოგიხდათ ხორცის შეძენა გზატკეცილზე, ქუჩაში, მასობრივი თავშეყრის ადგილას, აუცილებლად მოითხოვეთ ცნობა ხორცის შემოწმების შესახებ. დაიმახსოვრეთ: დაავადებული საქონლის ხორცის ჭამა ძალიან საშიშია. თუ პირუტყვი დაეცა, იგი აუცილებლად უნდა დაიმარხოს.
როგორ ამოვიცნოთ ციმბირის წყლული
თუ გამომწვევი კანიდან შეიჭრა, პირველი ნიშანიც კანზე გაჩნდება, სწორედ იმ ადგილზე, რომელიც შეეხო დაავადებული პირუტყვის ხორცს, გამომწვევით დაბინძურებულ საგანს თუ მიწას. ამ ადგილას წარმოიქმნება ლაქა, რომელიც მოგვიანებით მოყვითალო-მოშავო ფერის შიგთავსიან ბუშტუკად იქცევა. ბუშტუკი მქავანაა. ზოგჯერ – სწორედ ქავილის გამო, ზოგჯერ კი თავისთავად ბუშტუკი სკდება და მის ადგილას ჩნდება წყლული, საიდანაც დის სეროზულ-ჰემორაგიული სითხე. წყლულის ირგვლივ ვითარდება შეშუპება და სიწითლე, რომელიც ზოგჯერ მოზრდილ არეს იკავებს. წყლული იფარება შავი ნეკროზული ქერქით. ქერქი ნახშირს ჰგავს, რის გამოც მას ანთრაქსი (ბერძ. ნახშირი) უწოდეს. წყლულის ირგვლივ ჩნდება მოწითალო-მოვარდისფრო შვილეული ბუშტუკები, რომლებიც, ძირითადი ბუშტუკის მსგავსად, წყლულდება. ეს წყლულის გაფართოებას იწვევს. კარბუნკულის დიამეტრმა შესაძლოა 8-15 სმ-საც კი მიაღწიოს. ციმბირის წყლულის კარბუნკული უმტკივნეულოა, ამიტომაც ხალხმა დაავადებას “ბედნიერი” უწოდა. განასხვავებენ დაავადების ორ კლინიკურ ფორმას: კანისას (ლოკალურს, ადგილობრივს) – გვხვდება შემთხვევათა 98%-ში – და სეპტიკურს (გენერალიზებულს). ეს უკანასკნელი გაცილებით იშვიათია. კანის ფორმა ათიდან 8 შემთხვევაში მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, მხოლოდ 20%-ში გვხვდება მძიმე მიმდინარეობა. კანის ფორმის დროს ქირურგიული ჩარევა ნაჩვენები არ არის. მკურნალობა კომპლექსურია. იყენებენ ჯილეხის საწინააღმდეგო ჰეტეროგენულ გლობულინს, ანტიბიოტიკებს (პენიცილინის, ცეფალოსპორინების ჯგუფი). მძიმე და გენერალიზებული ფორმის შემთხვევაში ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია. ინფექციურ-ტოქსიკური შოკის დროს რეკომენდებულია ჰორმონოთერაპია. ლოკალური ფორმის დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა, გენერალიზებულის შემთხვევაში კი გამოჯანმრთელება იშვიათია.
პროფილაქტიკური ღონისძიებები
დაავადებასთან საბრძოლველად სამედიცინო და ვეტერინარული სამსახურები კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებენ. ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის მიზანია ინფექციის წყაროს გამოვლენა, კერების აღრიცხვა, ცხოველთა აცრა, ზედამხედველობა ხორცისა და ცხოველთა ნედლეულის დამზადებაზე, შენახვასა და ტრანსპორტირებაზე, დაღუპულ პირუტყვთა გაუვნებლებასა და სპეციალური სამარხების მოწყობაზე. ჯილეხის მხრივ საეჭვო და ჯილეხიან ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი პირები 8-10 დღით იზოლირებულნი უნდა იყვნენ. საავადმყოფოდან გაწერა შეიძლება ქერქის მოშორებისა და დანაწიბურების შემდეგ. მათ, ვინც რისკჯგუფში შედის, საპროფილაქტიკოდ პირველი 5 დღის განმავლობაში უკეთებენ ჯილეხის საწინააღმდეგო გლობულინს. ჯილეხის პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სანიტარიულ-საგანმანათლებლო მუშაობას ანუ მოსახლეობის ინფორმირებას. დაავადებული პირუტყვის ხორცის განზრახ გაყიდვა ისჯება კანონით.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”