close
კვლევები

როგორ ცვლის სიყვარული ტვინს

რომანტიკულ სიყვარულში ჩართულია რამდენიმე ნეიროგადამცემი ანუ ქიმიკატი.
ვირჯინიის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიისა და ქცევითი მეცნიერებების დეპარტამენტის თანამშრომელი, დოქტორი დევიდ შპიგელი აცხადებს, რომ სასიყვარულო გრძნობებში ყველაზე დიდი ბიოქიმიური მოთამაშეა დოფამინი, ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი.
დოფამინი
დოფამინი, ქიმიკატი, რომელიც დაკავშირებულია სიამოვნებასთან და ეიფორიასთან, უზარმაზარ როლს თამაშობს ურთიერთობის დასაწყისში. დოფამინი არის ტვინის ჯილდოს სისტემის ნაწილი.
ტვინს ყოველთვის მეტი დოფამინი სჭირდება. სიყვარულის პროგრესირებასთან ერთად, დოფამინი ურთიერთქმედებს სხვა ნეიროტრანსმიტერებთან, რაც გიჩენთ სურვილს, დიდი დრო გაატაროთ განსაკუთრებულ ადამიანთან. ეს ხელს უწყობს იმას, რომ იგრძნოთ აღელვება და ეიფორია თქვენი პარტნიორის სიახლოვეს. სამწუხაროდ, დოფამინის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ უგულებელყოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტვინის სხვა მნიშვნელოვანი სტრუქტურებიდან: სოციალური ურთიერთქმედების ქსელიდან.
ეს ქსელი გეხმარებათ შეგიყვარდეთ და გაიგოთ სოციალური ურთიერთქმედება. გეხმარებათ ამოიცნოთ სხვა ადამიანების ემოციები და გრძნობები, გაჩვენოთ, არის თუ არა სხვა ადამიანი თქვენით ისევე დაინტერესებული, როგორც თქვენ მისით.
თუმცა, როდესაც თქვენ გაქვთ  დოფამინის ჭარბი რაოდენობა, ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ ღებულობთ. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს აკვიატებული ქცევა და ეჭვიანობა, რაც სიყვარულის უარყოფითი მხარეებია.
ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი
ოქსიტოცინი, რომელსაც სიყვარულის ან ჩახუტების ჰორმონს უწოდებენ, წყვილის მიჯაჭვულობის გრძნობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამასთან, ოქსიტოცინი ხელს უწყობს გრძელვადიანი სიყვარულის მხარდაჭერას პარტნიორის მიმართ თქვენი რეაქციის შეცვლით. ტვინის ნაწილები, მათ შორის ინსულა (რომელიც გეხმარებათ საკუთარი თავის აღქმაში) და წინა ცინგულარული ქერქი (რომელიც აკონტროლებს მოტივირებულ ქცევებს) განსხვავებულად რეაგირებენ საყვარელ ადამიანსა და სხვა ადამიანებზე.
„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ურთიერთობა მუშაობს, არის ის, რომ თუ თქვენ გაქვთ კონფლიქტი საყვარელ ადამიანთან, შეცვლით თქვენს სტრატეგიებს კონფლიქტების მოსაგვარებლად. თქვენ საყვარელ ადამიანთან პრობლემების გადაჭრას ისე შეეცდებით, რომ ურთიერთობები შეინარჩუნოთ,“- აცხადებს დოქტორი დევიდ შპიგელი.
ვაზოპრესინი ასრულებს ოქსიტოცინის მსგავს როლს. ის ხელს უწყობს კავშირების დამყარებას და ხელს უწყობს გრძელვადიან, მონოგამიურ სიყვარულს. ის გეხმარებათ უპირატესობა მიანიჭოთ თქვენს პარტნიორს.
ამ სამი ჰორმონის გარეშე ადამიანებში რომანტიული ურთიერთობები შეუძლებელია. გჭირდებათ დოფამინი, რომ ისიამოვნოთ პარტნიორთან ყოფნით, ვაზოპრესინი, რომელიც მოგცემთ მოტივაციას მოძებნოთ კონკრეტული პარტნიორი და ოქსიტოცინი, რომ თქვენი ურთიერთობა გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოთ.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

წყარო : thehealthjournals.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0